რაბლე, ფრანსუა
ვიკიპედიიდან
ფრანსუა რაბლე (François Rabelais, შინონი, დაახლ. 1494 – 1553, 9 აპრილი, პარიზი) ფრანგი მწერალი-ჰუმანისტი, ექიმი. რენესანსის წარმომადგენელი. ავტორი რომანისა "გარგანტუა და პანტაგრუელი".
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
რაბლე დაიბადა საშუალო ბურჟუას ოჯახში. მამამისი ადვოკატი და მიწის მესაკუთრე იყო. საეკლესიო განათლების მიღების შემდეგ, 1520 წელს ფრანსუა ბერად იკვეცება. რამდენიმე ერუდირებულ პიროვნებასთან ერთად იგი ქმნის პატარა ჯგუფს, რომელიც სწავლობს ბერძნულ, ლათინურ, იტალიურ ლიტერატურას და ანტიკურ ფილოსოფიას. სორბონის თეოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულის სწავლას კრძალავს და რაბლეს ჯგუფი იშლება. ამის გამო, 1530 წელს რაბლე თავს ანებებს ბერობას და იწყებს ჯერ სამართლის, შემდეგ კი მედიცინის შესწავლას. 1532 წელს იგი უკვე ექიმად მუშაობს ლიონში და ერთ-ერთი პირველთაგანია რომელიც ადამიანის სხეულის გაკვეთაზე ატარებს ცდებს. ამავე წელს იგი აქვეყნებს თავის პირველ ნაწარმოებს პანტაგრუელი, რომელსაც სორბონის უნივერსიტეტი მაშინვე კრძალავს. ამის შემდეგ რაბლე ბიძამისს – კარდინალ ჟან დიუ ბელეის რომში მდივნად და ექიმად მიჰყვება. 1534 წელს გამოდის გარგანტუა, რომელიც პირველი ნაწარმოების მსგავსად აკრძალულ იქნება. რაბლე იძულებულია საფრანგეთს მოშორდეს და 11 წლის მანძილზე თავი შეიკავოს ყოველგვარი პუბლიკაციისგან. ამ წლების განმავლობაში იგი იტალიაში მოგზაურობს, ცდებს ატარებს და მედიცინას ასწავლის. 1552 წელს გამოცემული მეოთხე წიგნსაც იგივე ბედი ეწევა და ავტორს ციხეშიც კი ჩასვამენ. მისი უკანასკნელი ნაწარმოები, მეხუთე წიგნი რააბლეს გარდაცვალების შემდეგ, 1564 წელს გამოდის.
[რედაქტირება] ჰუმანიზმი რაბლეს შემოქმედებაში
რაბლე ფრანგულ ლიტერატურაში ახალ ეპოქას უდებს სათავეს. მის გიგანტურ პერსონაჟებში წარმოდგენილია ის უზარმაზარი შესაძლებლობები რაც ზოგადად ადამიანში იმალება. მისი მსოფლმხედველობის ამოსავალი წერტილი სწორედ ადამიანისადმი რწმენაა.
ა) აღზრდა
რაბლეს ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი თემა აღზრდის საკითხია. იგი აკრიტიკებს შუა საუკუნეების თეორიული, აბსტრაქტული სწავლების ფორმებს და მისი პერსონაჟების, გარგანტუასა და პანტაგრუელის მაგალითზე გვთავაზობს ახალ სისტემას, რომელშიც მთავარი ადგილი უჭირავს ბუნებაზე დაკვირვებასა და კრიტიკულ გონებას. მასწავლებელი არ აძლევს მოსწავლეს სრულიად მზა ფორმულებს, მან თავად უნდა მიაგნოს ჭეშმარიტებას დაკვრვებისა და აზროვნების წყალობით, ე.ი. სწავლება გამოცდილებაზე უნდა იყოს დამყარებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მორალურ აღზრდას, რადგან “მეცნიერება სინდისის გარეშე სულის ნგრევაა.” [1]. რაბლესეული აღზრდის საფუძველი არის ადამიანისადმი რწმენა. რწმენა იმისა, რომ ადამიანი არის კეთილი და მისი ბუნება კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ ხელი უნდა შევუწყოთ და თანაზომიერად განვავითაროთ სული, გონება და სხეული. არ შეიძლება თეორიისა და პრაქტიკის, გონებისა და გრძნობის, ჭკუისა და ემოციის ერთმანეთისგან გათიშვა. ადამიანი ყოველივე ამის ჰარმონიული ნაზავია.
ბ) ფეოდალური სისტემის კრიტიკა
რაბლე აკრიტიკებს ფეოდალურ სისტემასაც. საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიისა და პაპის ამბიციური პოლიტიკა მეფის ხელისუფლებას ავიწროვებს. ქვეყანას უნდა ჰყავდეს გონიერი, განათლებული და ჰუმანური მეფე. საჭიროა ხალხსა და მეფეს შორის თანხმობა არსებობდეს, ამის გაკეთება კი ღვთაებრივი წარმომავლობის მეფეს არ შეუძლია. [2].
გ) ეკლესიის კრიტიკა
რაბლე დაუპირისპირდა ეკლესიასაც, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ქადაგებდა. მან მოუწოდა ხალხს თავი დაენებებინათ იმ წესებისთვის, რომლებიც რელიგიამ ბიბლიაში არსებულ ათ მცნებას დაუმატა. ყოველივე ამან გამოიწვია მისი რელიგიური შეხედულებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი მას ათეისტად მიიჩნევს, ზოგი რეფორმატორად, ევანგელისტად ან დეისტად. ფაქტი ისაა, რომ რაბლეს პერსონაჟები ხშირად მიმართავენ ღმერთს, ლოცულობენ, მაგრამ ღმერთი იშვიათად ერევა მათ საქმეში და გმირებს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ თავად მოიპოვონ ბედნიერება. რაბლეს აზრით ადამიანმა თავისი ბედი თვითონ უნდა შექმნას. ადამიანში ღვთაებრივი სიკეთეა და თუ მას თავისუფლებას მივცემთ მაშინ ეს სიკეთე თავს იჩენს. ამიტომ ილაშქრებს ასკეტიზმის წინააღმდეგ და მომხრეა იმისა, რომ ადამიანმა იცხოვროს ბუნებასთან თანხმობაში, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და იბრძოლოს ბედნიერებისთვის. [3]
[რედაქტირება] სტილი
რაბლეს ნაწარმოებები სალაპარაკო და გასაგები ენითაა დაწერილი. იგი თავისუფლად ხმარობს უცხო ენებს და თავადაც იგონებს ახალ ენებს. თავის ნაწარმოებებში ყოველთვის თავს არიდებს დიდაქტიზმს და მიზანს ხუმრობით აღწევს. მისი იუმორი სამყაროს ხალისიანი ხედვიდან გამომდინარეობს. ის ადამიანი, ვინც სიცილი არ იცის საშიშია, რადგან არ შეუძლია საკუთარ თავს ირონიით შეხედოს, ეჭვი შეიტანოს საკუთარ საქციელში. არ იცინო ნიშნავს დაემსგავსო ცხოველს. სახუმარო ტონს სატირაც ენაცვლება, განსაკუთრებით მღვდლებისა და თეოლოგების მიმართ. ყოველივე ეს წარმოშობს კომიკურს და მიმართულია ყოველივე იმის საპირისპიროდ, რაც აფერხებს ადამიანის შესაძლებლობების გაფურჩქვნას. ამგვარად, რაბლეს ნაწარმოებებში საქმე გვაქვს ჰუმანისტურ სიცილთან.
[რედაქტირება] ნაწარმოებები
- პანტაგრუელი, 1532
- გარგანტუა, 1534
- მესამე წიგნი, 1546
- მეოთხე წიგნი, 1552
- მეხუთე წიგნი, 1564