Ebooks, Audobooks and Classical Music from Liber Liber
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z





Web - Amazon

We provide Linux to the World


We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ლათინური ენა - ვიკიპედია

ლათინური ენა

ვიკიპედიიდან

ლათინური ენა
lingua latina
მოლაპარაკეთა რაოდენობა უცნობია
გავრცელებულია ვატიკანი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი
იტალიკური ენები
დამწერლობის სისტემა ლათინური ანბანი
ოფიციალური სტატუსი ვატიკანის ოფიციალური ენა
მკვდარი ენა
ენის კოდები ISO 639-1: la
ISO 639-2: lat
SO/FDIS 639-3: lat

ლათინური ენა (ლათ. lingua latina), ინდოევროპულ ენათა ოჯახის ძირითადი წარმომადგენელი; ძველი რომაელების ენა. რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის ფორმალური ენა. ლათინური ანბანი შექმნილი ბერძნული ანბანის ბაზაზე დღემდე ყველაზე გავრცელებული ანბანია მსოფლიოში. ამჟამად გადაშენებულ ენად ითვლება, რომელსაც მცირე რაოდენობის მოსაუბრე ჰყავს. ვატიკანის ფარგლებს გარეთ მისი ძირითადი გამოყენება აკადემიური და სამეცნიერო ხასიათისაა.

სექციების სია

[რედაქტირება] გეოგრაფიული არეალი

თავდაპირველად ამ ენაზე მეტყველებდა აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ლაციუმში (ახლანდელი იტალიის ოლქი ლაციო) მობინადრე ერთ–ერთი უძველესი იტალიკური ტომი, რომელსაც ლატინებს უწოდებდნენ. ლაციუმის მთავარი ქალაქი რომი, გადმოცემის თანახმად, დაარსებულა ძვ. წ. 753 წელს. ლათინურმა ენამ სახელწოდება მიიღო ლატინთა ტომისაგან, ხოლო ამ ენაზე მეტყველ ხალხს რომაელები ქალაქ რომის სახელის მიხედვით ეწოდა.

აპენინის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ სხვა იტალიკური ტომებიც. მათ შორის გამოირჩეოდნენ: ოსკები, უმბრები, საბინები... ლაციუმს ჩრდილო–დასავლეთით ესაზღვრებოდა ეტრუსკებით დასახლებული ეტრურია, უძველესი ცივილიზაციის მხარე, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია რომაულ ხელოვნებას, რელიგიას, დამწერლობას. აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილსა და სიცილიაში, ე.წ. "დიდ საბერძნეთში" მოსახლეობდნენ ბერძნები, რომელთა ენამ და კულტურამ ასევე დიდი გავლენა იქონია ლათინური ენისა და რომაული კულტურის განვითარებაზე.

ლატინებმა თანდათანობით დაიპყრეს მეზობელი ტომები, დაიმორჩილეს ოსკები, უმბრები, ეტრუსკები, სიცილიელი ბერძნები და ლათინური ენა მთელს იტალიაში გაავრცელეს (ძვ. წ. III ს.). შემდეგ, როცა რომმა პუნიკურ ომებში კართაგენზე გაიმარჯვა (II პუნიკური ომი) და ხმელთაშუაზღვის აუზს დაეპატრონა (ახ. წ. I ს.), შექმნა უზარმაზარი იმპერია, დასავლეთ პროვინციებში (ესპანეთში ანუ იბერიაში, გალიაში და ა.შ.) ლათინური ენა ითვლებოდა სახელმწიფო ენად, აღმოსავლეთ პროვინციებში (საბერძნეთში, მცირე აზიაში, აფრიკის ჩრდილო სანაპიროზე და ა.შ.) სადაც რომაელთა შეჭრამდე ძლიერი იყო ბერძნული ენისა და კულტურის გავლენა, ლათინურმა ენამ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ბილინგვიზმი, ბერძნები ეუფლებიან ლათინურ ენას და რომაელები ბერძნულს.

[რედაქტირება] ლათინური ენის ისტორია

დღემდე შემორჩენილი უძველესი ლათინური ტექსტი
გაზარდეთ
დღემდე შემორჩენილი უძველესი ლათინური ტექსტი

უპირველესი ნიმუში ლათინური დამწერლობისა არის წარწერა ოქროს ბალთაზე, რომელიც აღმოჩენილია რომის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პრენესტეში 1871 წელს. იგი ძვ. წ. VII ს. დასასრულს მიეკუთვნება. წარწერა იუწყება, რომ ბალთა დაუმზადებია ვინმე მანიუსს ნუმერიუსისთვის. უძველესია აგრეთვე 1978 წელს სატრიკში (რომის მახლობლად მდებარე ძველი ქალაქი) აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. შემდეგი წარწერა საკრალური ხასიათის ტექსტის ნაწყვეტს წარმოადგენს, რომელიც შავი ქვის სტელის ნამსხვრევზე არის შესრულებული. იგი აღმოაჩინეს რომის ფორუმის გათხრების დროს 1899 წელს. დათარიღებულია ძვ. წ. V საუკუნით. შედარებით გვიანდელი პერიოდის არის 1880 წელს რომში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელზე შესრულებული წარწერა, რომელიც "დუენოსის" სახელითაა ცნობილი (რადგან წარწერაში იკითხება Bonus-ის უძველესი ფორმა duenos – "კეთილი"). ძვ. წ. III საუკუნიდან უფრო მრავლად მოიპოვება ლათინური წერილობითი ძეგლები.

ლათინური ენის განვითარებაში გამოჰყოფენ შემდეგ პერიოდებს:

  • არქაული (ძვ. წ. VII - II სს.), რომელიც ხასიათდება მრავალფეროვანი პროცესებით ფონეტიკაში (ხმოვანთა რედუქცია, დიფთონგთა მონოფთონგიზაცია, როტაციზმი და სხვ.), მორფოლოგიასა (ბუნებისა და უღლების სისტემათა ჩამოყალიბება) და სინტაქსში (თანწყობის - პარატაქსის სიჭარბე). ძვ. წ. III საუკუნიდან ლათინური ენა გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. რომის მიერ კართაგენის, მაკედონიისა და საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ ბერძნული დამწერლობის ძლიერი გავლენით დაიწყო რომაული ეროვნული ლიტერატურის აღმოცენება-განვითარება, ე.წ. "მაღალ" სამწერლობო სტილთა ჩამოყალიბება. ამ დროის გამორჩეული მწერლები იყვნენ: პლავტე, ტერენციუსი და კატონი უმცროსი.
  • კლასიკური ლათინური ენის პერიოდი (ძვ. წ. I საუკუნე), რომელსაც "ოქროს ლათინურის ხანასაც" უწოდებენ, სალიტერატურო ლათინური ენის შექმნისა და საბოლოო დახვეწის პერიოდია. ლათინური ენის ფონეტიკისა და მორფოლოგიის სისტემები მყარ ნიადაგზე დადგა. მკვეთრად გამოიხატა აღწერილობითი, ანალიტიკური ფორმები როგორც ენის განვითარების სრულიად გარკვეული ტენდეცია; რთული წინადადების სინტაქსი მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა დამოკიდებულ წინადადებაში კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ლათინურ ენამ უდიდეს გამომსახველობით ძალას მიაღწია ამ დროის გამოჩენილ მწერალთა და ორატორთა თხზულებებში. სანიმუშოდ ითვლებოდა ციცერონის ორატორული და ფილოსოფიური პროზის ენა, ხოლო პოეზიაში ნორმად აღიარეს ვერგილიუსის ენა. ამ დროს მოღვაწე მწერალთა და პოეტთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე იულიუს კეისარი, ოვიდიუსი და ჰორაციუსი.
  • ადრეული იმპერიის ეპოქის ანუ "ვერცხლის ლათინურის" პერიოდში (ახ. წ. I - II სს.) სალიტერატურო ენა მკვეთრად მოწყდა ცოცხალ სალაპარაკო ენას. მწერლებისათვის ენისათვის დამახასიათებელი გახდა თავისებური სინტაქსური საქცევები. ამ ეპოქაში იწყება რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების რომანიზაცია. ამ დროს მოღვაწეობდნენ: ტაციტუსი, იუვენალი, მარციალი, პეტრონიუსი, აპულეუსი.
  • გვიანდელი იმპერიის ეპოქის ანუ "გვიანდელი ლათინური ენის" პერიოდში (II - V სს.) სალიტერატურო ენა და ხალხური ლათინური კიდევ უფრო მეტად დაშორდნენ ერთმანეთს. ხალხურ ლათინურში გაძლიერდა ანალიტიზმი. მუსიკალურ მახვილს შეენაცვლა ექსპირატორული აქცენტუაცია, შეიცვალა ვოკალიზმისა და კონსონანტიზმის სისტემები, დაიკარგა განსხვავება გრძელ და მოკლე ხმოვანთა შორის. აღსანიშნავია სიტყვის დაბოლოების რედუქცია და ფლექსიური წყობის შესუსტება. სინტაქსში დამკვიდრდა წინდებულიანი და აღწერილობითი კონსტრუქციები, დამოკიდებულ წინადადებაში ძალა დაეკარგა კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ამ პერიოდის მწერლები არიან: ამიანე მარცელინუსი და ქრისტიანი ავტორები.
  • შუა საუკუნის ეპოქაში (V - XV სს.) ლათინური ენა შემორჩა სამწერლობო და ცოცხალ სალაპარაკო ფორმებში. სალიტერატურო ლათინური შუა საუკუნის მანძილზე დასავლეთ ევროპის ხალხთა ინტელექტუალური და მხატვრული კულტ. ენა იყო. V საუკუნიდან ამ ენაზე შეიქმნა ე. წ. ლათინური ლიტერატურა - შუა საუკუნის საეკლესიო და საერო მწერლობა. სამწერლობო ლათინური საკმაოდ დაშორდა კლასიკური სალიტერატურო ენის ნორმებს, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ცოცხალ სალაპარაკო ანუ ხალხურ ენაზე რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორიების ენებმა. ხალხური ანუ ვულგარული ლათინური თავის მხრივ საფუძვლად დაედო რომანულ ენებს. სალიტერატურო ლათინური ენის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აღორძინების ეპოქას (XIV - XVI სს.). ამ დროის პროგრესული წარმომადგენლები (ტომას მორი, ერაზმ როტერდამელი, ჯორდანო ბრუნო, ტომაზო კამპანელა, ნიკოლოზ კოპერნიკი და სხვ.) ლათინურ ენაზე წერდნენ.

XVII - XVIII საუკუნეში სალიტერატურო ლათინური ენის გამოყენების სფერო შემოისაზღვრა მეცნიერებით, კათოლიკური ეკლესიითა და დიპლომატიით - ლათინურ ენაზე წერდნენ შრომებს დეკარტი, გასენდი, სპინოზა, ბეკონი, ნიუტონი, ლაიბნიცი, ლომონოსოვი, ეილერი და სხვ.

ამჟამად ლათინური ენა საზ.-პოლიტიკური და სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის ძირითადი წყარო და კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური ენაა. კულტურის ისტორიაში (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ისტორიაში) მან უდიდესი როლი ითამაშა, რასაც ადასტურებს უამრავი ნასესხები სიტყვა ევროპის ყველა ენაში. სხვა ენათა მსგავსად ქართულ ენაშიც ლათინური წარმომავლობის მრავალი სიტყვაა შემოსული (კომუნიზმი, რევოლუცია, პროლეტარიატი, კონსტიტუცია, იმპერია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, ლექტორი, სტუდენტი და სხვა ).

[რედაქტირება] ფონეტიკა

[რედაქტირება] ლათინური ანბანი

ლათინურ ანბანს საფუძვლად დაედო ეტრუსკულისა და დასავლეთ ბერძნული ენის ანბანი. ძვ. წ. I საუკუნემდე ლათინური ანბანი 21 ასოს შეიცავდა.

ეს 21 ასო შეადგენდა ოფიციალურ ლათინურ ანბანს. მას შემდეგ დაემატა y – "ი ფსილონი" ("ი გრეკუსი", ე.ი. "ბერძნული ი") და შემდგომ z ზეტა, როლებიც ბერძნულიდან შეთვისებულ სიტყვებში იხმარებოდა.

  • Zephyrus - ზეფირი, დასავლეთის ქარი
  • Zona – ზონა, სარტყელი

ეს ორი ასო ბოლოში დაერთო ლათინურ ანბანს.

U კლასიკურ ლათინურში აღნიშნავდა ხმოვანსაც (უ) და თანხმოვანსაც (ვ).

  • Uinum - (ვინუმ) ღვინო
  • Ueni - (ვენი) მივედი

XVI საუკუნეში თანხმოვნის აღსანიშნავად შემოიღეს ცალკე გრაფიკული ნიშანი V. ეს ასო მოთავსდა U-s შემდეგ. ამგვარად, მივიღეთ სულ 24 ასო.

ზოგჯერ ხმოვნის წინ მოთავსებულ i ხმოვნისათვის იყენებენ j-s: iodum - იოდი, ან jodum.

ბერძნულიდან შეთვისებული სიტყვებისათვის ლატინებმა ბერძნული ფშვინვიერი თანხმოვნების φ, θ, χ, ρ გადმოსაცემად ლათინურ თანხმოვანთა კომპლექსებს მიმართეს, მკვეთრს p, t, c-სა და r-s დაუმატეს h და ამრიგად მიიღეს: ფ, თ, ქ, ჰრ. ბერძნულიდან შეთვისებული ეს თანხმოვნები თავდაპირველად ბერძნულ გამოთქმას უახლოვდებოდნენ, შემდეგ კი: ch – გამოითქმის როგორც 'ხ', ph - როგორც – 'ф', th დაუახლოვდა 'ტ'–ს, rh-მ კი დაკარგა ფშვინვიერება.

  • Charta (ქარტა, ხარტა) – ქაღალდი
  • Philippus (ფილიპუს, фილიპუს) – ფილიპე
  • Theatrum (თეატრუმ, ტეატრუმ) – თეატრი
  • Rhodus (როდუს) – როდოსი

[რედაქტირება] ხმოვნები

ლათინურ ენაში ექვსი ხმოვანია: a, e, i, y, o, u. ამ ხმოვანთათვის დამახასიათებელია სიგრძე-სიმოკლე, ანუ კვინტიტატი (quintitas). გრაფიკულად მოკლე და გრძელი ხმოვნები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სახელმძღვანელოებსა და ლექსიკონებში ხმოვნის სიგრძის აღსანიშნავად გამოიყენება ნიშანი —, ხოლო სიმოკლისათვის ‿. ეს ნიშნები ხმოვანს თავზე დაესმის.

[რედაქტირება] დიფთონგები

ლათინურ ენაში არის დაღმავალი დიფთონგები. ე.ი. მეორე ხმოვანი უმარცვლოა. დიფთონგებია: ae, oe, au, eu.

ae დიფთონგში თავდაპირველად გამოითქმოდა ორივე ხმოვანი, მხოლოდ e უფრო სუსტად. შემდგომ ამ დიფთონგის გამოთქმა დაემსგავსა გრძელ e ხმოვანს.

œ დიფთონგშიც o ხმოვნის გვერდით გამოითქმოდა e-ც, მაგრამ შემდეგ დაემსგავსა გერმანულ ö–ს.

au დიფთონგი გამოითქმოდა როგორც აუ ან ავ, eu – როგორც ეუ ან ევ.

  • poena (პენა) - სასჯელი
  • saepe (სეპე) – ხშირად
  • aurora (ავრორა) – ავრორა
  • Europa (ევროპა) – ევროპა

როცა ზემოთ დასახელებული ხმოვნები ერთმანეთის მეზობლობაში არ ქმნიან დიფთონგებს, მეორე ხმოვანს დაესმის ორი წერტილი ე.წ. puncta diaereseos "განყოფის წერტილები" ან სიგრძის ნიშანი.

  • poëta (პოეტა) – პოეტი

[რედაქტირება] თანხმოვნები

c ასო არქაულსა და კლასიკურ ლათინურში გამოითქმოდა როგორც კ. მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. VI საუკუნეში, e, i, y, ae, oe ხმოვნების და დიფთონგების წინ პალატიზირებულ იქნა და გამოთქმაში მოგვცა 'ც'.

  • caelum (კელუმ, შემდგომ ცელუმ) – ცა
  • Cicero (კიკერო, შემდგომ ციცერო) – ციცერონი
  • scio (სკიო, შემდგომ სციო) – ვიცი
  • მაგრამ – caput (კაპუტ) – თავი, credo (კრედო) – მჯერა

ti კომპლექსი კლასიკურ ხანაში გამოითქმოდა როგორც 'ტი'. მხოლოდ ახ. წ. IV-V საუკუნეებში პალატალიზირებულ იქნა ხმოვნების წინ და გამოთქმაში მოგვცა 'ცი'.

  • motio (მოტიო, შემდგომ მოციო) – მოძრაობა
  • scientia (სკიენტია, შემდგომ სციენტია) – ცოდნა

შენიშვნა: ti არ გამოითქმოდა როგორც ცი შემდეგ შემთხვევაში:

  • ა) თუ მას მახვილი მოუდიოდა: totus მთელი, მხ. რ. ნათესაობითში totìus (ტოტიუს)
  • ბ) თუ ti-ს წინ უძღოდა s, x, t : bestia (ბესტია) – მხეცი, mixtio (მიქსტიო) – ნარევი.

c არქაულ ლათინურში გამოხატავდა როგორც კ, ასევე გ ბგერასაც. "დუენოსის" წარწერაში იკითხება virco - ქალიშვილი, ნაცვლად virgo-სი. საკუთარი სახელის Gaius-ის შემოკლებული ფორმაა C. ხოლო Gnaeus-ის Cn.

k ასო, რომელიც კ ბგერას გამოხატავდა, ადრე გამოვიდა ხმარებიდან. ის მხოლოდ ორ სიტყვაში გვხვდება:

  • Kalendae – კალენდე, ყოველი თვის პირველი რიცხვი.
  • Kaeso - კეზო, მამაკაცის სახელი.

q გვხვდება u თანხმოვანთან ერთად და გამოითქმის როგორც 'კვ'. aqua (აკვა) – წყალი.

გ თანხმოვნისათვის ძვ. წ. III საუკუნეში შემოიღეს ახალი ასო, ოდნავ განსხვავებული c-სგან, 'g'.

ngu კომპლექსი ხმოვნის წინ გამოითქმის როგორც 'გვ'. lingua (ლინგვა) – ენა.

ასევე ხმოვნის წინ su კომპლექსიც ზოგჯერ 'სვ'–დ იკითხება. suadeo (სვადეო) ვურჩევ.

s კლასიკურ ხანაში ყველა პოზიციაში გამოითქმოდა როგორც ს, გვიანდელ ეპოქაში ორ ხმოვანს შორის მოქცეულმა, ანუ ინტერვოკალურმა s-მ გამოთქმაში მოგვცა 'ზ'.

  • Asia (აზია) – აზია
  • rosa (როზა) – ვარდი

[რედაქტირება] სიტყვის დამარცვლა

მარცვლები იყოფა შემდეგნაირად:

  • ა) ერთი ხმოვანი სიტყვის შიგნით მომდევნო ხმოვანს მიეკუთვნება: ro-sa - ვარდი, ta-bu-la - დაფა
  • ბ) ორი ხმოვნიდან ერთი წინა ხმოვანთან რჩება, მეორე კი მომდევნო ხმოვანს მიყვება: has-ta - შუბი, mos-ca - ბუზი.
  • გ) თუ ჯერ ყრუ თანხმოვანია, შემდეგ კი ნარნარა, ე.წ. muta cum liquida, ასეთი თანხმოვნები არ გაითიშება, ე.ი. თუ b, g, d, p, c, t-ს მოსდევს l, r : pa-tri-a - სამშობლო, მაგრამ for-tu-na - ბედი
  • დ) რამდენიმე თანხმოვანთაგან უკანასკნელი მომდევნო ხმოვანს მისდევს, დანარჩენი წინა ხმოვანთან რჩება: punc-tum - წერტილი.
  • ე) თავსართი ცალკე გამოიყოფა: abs-cedo - ვშორდები, de-scendo - ჩავდივარ.

[რედაქტირება] ღია და დახურული მარცვალი

მარცვალი დახურულია, თუ თანხმოვნით მთავრდება, ღიაა, თუ ხმოვნით ბოლოვდება:

  • ta-bu-la - აქ სამივე მარცვალი ღიაა.
  • for-tu-na - აქ for დახურულია – tu და na ღია.

[რედაქტირება] მარცვლის სიგრძე–სიმოკლე

მარცვალი გრძელია, თუ გრძელ ხმოვანს შეიცავს, მოკლეა, თუ მოკლე ხმოვანს შეიცავს.

ხმოვანი შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე ბუნებით (natúra), ან მდებარეობით (positione).

  • ა) დიფთონგი, რაკიღა ორი ხმოვნის შერწყმითაა მიღებული, გრძელია: poena - სასჯელი.
  • ბ) ხმოვანი გრძელია მდებარეობით ანუ პოზიციურად, თუ მას ორი ან მეტი თანხმოვანი (muta cum liquida-ს გამოკლებით) ან რთული თანხმოვანი x მოსდევს: monuméntum - ძეგლი, próxime - ძალიან ახლოს, მაგრამ ténebrae - წყვდიადი (br-ს წინ e მოკლეა)
  • გ) ხმოვანი მოკლეა მდებარეობით, თუ მას ხმოვანი ან h თანხმოვანი მოსდევს: mótio - მოძრაობა (i მოკლეა), prohibeo - ვაკავებ (pro მარცვალში o მოკლეა).
  • დ) თუ ხმოვანს ერთი თანხმოვანი მოსდევს, უნდა ვიცოდეთ ბუნებით როგორია, გრძელი თუ მოკლე. ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ლექსიკონს, სადაც აღნიშნულია ხმოვნის სიგრძე–სიმოკლე, ან მახვილი: amícus - მეგობარი, pópulus - ხალხი.

[რედაქტირება] მახვილი

მახვილი ლათინურ ენაში სიტყვას მოუდის ბოლოდან მეორე გრძელ მარცვალზე, ან მესამეზე (თუ მეორე მარცვალი მოკლეა): tábula, amícus, monuméntum

შენიშვნა:

  • ა) ბოლოდან პირველ მარცვალზე მახვილი მაშინ შეიძლება იყოს, თუ ეს მარცვალი ფონეტიკური ცვლილებების შედეგად არის მიღებული: illíc - illíce - იქ, istúc - istúce - იქით.
  • ბ) ბოლოდან მეორე მოკლე მარცვალზე მახვილი დაისმის იმ შემთხვევაში, თუ სიტყვას ენკლიტიკური -que, -ve, -ne ნაწილაკები ერთვის: fílius - ვაჟიშვილი, fília - ქალიშვილი, fílius fíliaque - ვაჟიშვილი და ქალიშვილი (que აქ და კავშირის ფუნქციას ასრულებს).

თუ que არ გაიაზრება როგორც კავშირი, მაშინ მახვილი ჩვეულებრივი წესით დაისმის: úndique - ყოველი მხრიდან, ítaque - ამგვარად.

[რედაქტირება] თანხმოვანთა ჯგუფები

ლათინურ ენაში 18 თანხმოვანია:

  • ხშული (mutae) - с(k,q), g, d, t, p, b
  • ნარნარა (liquidae) - l, r
  • ნაპრალოვანი (spirantes) - s, f, v
  • ფშვინვიერი (aspirata) - h
  • რთული (compositae) - x(cs), z(ds)
  • ცხვირისმიერი (nasales) - m, n

ხშული თანხმოვნები შემდეგნაირად ჯგუფდება:

  • ბაგისმიერი (labiales) - p (ყრუ), b (მჟღერი)
  • კბილისმიერი (dentales) - t (ყრუ), d (მჟღერი)
  • ხორხისმიერი (gutturales) - c(k,q) (ყრუ), g (მჟღერი)

[რედაქტირება] მთავარი ფონეტიკური კანონები

[რედაქტირება] ხმოვნის მონაცვლეობა

  • ა) ღია მარცვლის მოკლე ხმოვანი სიტყვის შუაში გადადის მოკლე i-ში:
    • capio - ვიღებ, accipio - ვღებულობ
    • caput - თავი, capitis – თავის
    • miles - მეომარი, militis - მეომრის
    • homo - ადამიანი, hominis - ადამიანის
  • ბ) r-ს წინ i გადადის მოკლე e-ში.
    • capio –ვიღებ, capere - მიღება
  • გ) ღია მარცვლის ae დიფთონგი სიტყვის შუაში გადადის გრძელ i-ში, au - გრძელ u-ში.
    • exaestimi - existimo - ვსჯი, ვთვლი
    • abcauso - accuso - ბრალს ვდებ
  • დ) ბოლოკიდური a მოკლე თანხმოვნის ან თანხმოვანთა ჯგუფის წინ მრავალმარცვლიან სიტყვებში, ასევე სიტყვის შუა დახურულ მარცვალში მოკლე e-ში გადადის.
    • artifax - artifex - ხელოვანი
    • particaps - particeps - მონაწილე
  • ე) ბოლოკიდური მოკლე i ღია მარცვალში გადადის მოკლე e-ში.
    • mari - mare - ზღვა
    • facili - facile - ადვილად
  • ვ) მოკლე o დახურულ მარცვალში სიტყვის ბოლოს გადადის მოკლე u-ში.
    • bellom - bellum - ომი
    • mittont - mittunt - გზავნიან
  • ზ) გრძელი ხმოვანი სიტყვის ბოლოს ორ და მეტმარცვლიან სიტყვებში l, r, m, t - ს წინ მოკლდება:
    • orator (ბოლოკიდური o მოკლეა) – ორატორი,
    • amat (ბოლოკიდური a მოკლე) - უყვარს

[რედაქტირება] ხმოვნის დაკარგვა

მოკლე ხმოვანი შუა მარცვალში, განსაკუთრებით ნარნარა თანხმოვნებთან, ამოვარდება. ამ მოვლენას სინკოპე ეწოდება:

  • valide - valde - ძალიან

მოკლე ხმოვანი სიტყვის ბოლოს ხშირად იკარგება. ამ მოვლენას აპოკოპეს უწოდებენ:

  • animali - animal - ცხოველი
  • hice - hic - აქ

[რედაქტირება] ხმოვნის ჩართვა

ზოგჯერ თანხმოვნებს შორის ჩაერთვის მოკლე ხმოვნები i, e, u. ამას ანაპტიკსი ეწოდება:

  • periclum - periculum - საფრთხე
  • agr - ager - ყანა, მიწა
  • faclis - facilis - ადვილი

[რედაქტირება] როტაციზმი

ინტერვოკალური s ლათინური ენის განვითარების გარკვეულ პერიოდში გადავიდა r-ში:

  • flos - ყვავილი, flosis - floris - ყვავილის
  • esam - eram - ვიყავი

[რედაქტირება] თანხმოვნის დაკარგვა

  • ა) ინტერვოკალური v იკარგება:
    • divisitior - ditior - უფრო მდიდარი
    • audivisti - audisti - მოისმინე
    • audiveram - audieram - მომისმენია
    • magis volo - mavolo - malo - ძალიან მინდა
  • ბ) m თანხმოვანი სიტყვის ბოლოს სუსტად გამოითქმოდა, ამიტომ პოეზიაში m-თი დამთავრებული სიტყვა ხმოვნით დაწყებული სიტყვის წინ ხშირად ელიზიას განიცდიდა:
    • Exegi monument(um) aere perennius (Hor.)
    • ძეგლი ავიგე სპილენძზე უფრო გამძლე

[რედაქტირება] ასიმილაცია

[რედაქტირება] ნაწილობრივი ასიმილაცია

m თანხმოვანი d, t, s თანხმოვნის წინ გადადის n-ში:

  • septemdecim - septendecim - ჩვიდმეტი
  • eumdem - eundem - მასვე

b, g თანხმოვნები s, t-ს წინ გადადის p, c - ში

  • rego - ვმართავ, recsi - rexi - ვმართე
  • scribo - vwer, scripsi - დავწერე

[რედაქტირება] სრული ასიმილაცია

c,g,p,f,t,r,l,s თანხმოვნების წინ d სრულ ასიმილაციას განიცდის:

  • adcedo - accedo - ვუახლოვდები
  • adgero - aggero - მომაქვს
  • adtribuo - attribuo - ვანიჭებ
  • adrideo - arrideo - ვიცინი
  • adloquor - alloquor - ვესაუბრები
  • adsumo - assumo - მივიღებ

t თანხმოვანი s-ის წინ სრულ ასიმილაციას განიცდის: dots - doss - dos - მზითევი

[რედაქტირება] ორმაგი თანხმოვნის გამარტივება

ორმაგი თანხმოვანი სიტყვის ბოლოს თანხმოვანთან მეზობლობაში, ან გრძელი ხმოვნისა თუ დიფთონგის შემდეგ, მარტივდება:

  • caussa - causa - მიზეზი
  • ridsi - rissi - risi - ვიცინე

[რედაქტირება] დისიმილაცია

ორი ერთნაირი ან ერთმანეთის მსგავსი თანხმოვნებიდან ერთი განიმსგავსებს:

  • pluraris - pluralis - მრავლობითი
  • medidies - meridies - შუადღე

[რედაქტირება] იამბიკური დამოკლება

გრძელი ხმოვანი, რომელიც მოკლე ხმოვანს მოსდევს, ზოგიერთ ორმარცვლიან სიტყვაში მოკლდება: mihi - მე (მიც.), tibi – შენ (მიც.), sibi - მას (ბოლოკიდური i ყველგან მოკლეა).

[რედაქტირება] მორფოლოგია

[რედაქტირება] არსებითი სახელი

არსებით სახელს ლათინურ ენაში აქვს სამი სქესი (genus): მამრობითი (masculinum), მდედრობითი (femininum) და საშუალო (neutrum).

სქესის განსაზღვრა შეიძლება სუფიქსებისა და სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით. მნიშვნელობის მიხედვით მამრობით სქესს მიეკუთვნებიან: მამრობითი სქესის ცოცხალ არსებათა სახელები, მდინარეთა, ქართა, თვეთა სახელები. მდედრობითისაა: მდედრობითი სქესის ცოცხალ არსებათა სახელები, ხეების, ქვეყნების, კუნძულების სახელები. საშუალო სქესისაა: უბრუნველი და სუბსტანტირებული არსებითი სახელები:

  • puer, i - m ბიჭი
  • Aquilo, onis - m აქვილონი, ჩრდილოეთის ქარი
  • Sequana, ae m სენა
  • quercus, i - f მუხა
  • Aegyptus, i - f ეგვიპტე
  • pondus, eris - n წონა
  • fas - n ნება

ზოგ სახელს ორი სქესი აქვს (Nomina communia)

  • civis, is - m,f მოქალაქე
  • parens, ntis - m,f მშობელი

ზოგი სახელი, რომელსაც ორი სქესი აქვს, ბოლოკიდურის მიხედვით განასხვავებს სქესს (Nómina mobilia);

  • filius, i - m ვაჟიშვილი
  • filia, ae - f ქალიშვილი

[რედაქტირება] რიცხვი

[რედაქტირება] ბრუნვა


Image:WikiLettreMini.png ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი.

[რედაქტირება] იხ. ასევე

რომაული ლიტერატურა

Our "Network":

Project Gutenberg
https://gutenberg.classicistranieri.com

Encyclopaedia Britannica 1911
https://encyclopaediabritannica.classicistranieri.com

Librivox Audiobooks
https://librivox.classicistranieri.com

Linux Distributions
https://old.classicistranieri.com

Magnatune (MP3 Music)
https://magnatune.classicistranieri.com

Static Wikipedia (June 2008)
https://wikipedia.classicistranieri.com

Static Wikipedia (March 2008)
https://wikipedia2007.classicistranieri.com/mar2008/

Static Wikipedia (2007)
https://wikipedia2007.classicistranieri.com

Static Wikipedia (2006)
https://wikipedia2006.classicistranieri.com

Liber Liber
https://liberliber.classicistranieri.com

ZIM Files for Kiwix
https://zim.classicistranieri.com


Other Websites:

Bach - Goldberg Variations
https://www.goldbergvariations.org

Lazarillo de Tormes
https://www.lazarillodetormes.org

Madame Bovary
https://www.madamebovary.org

Il Fu Mattia Pascal
https://www.mattiapascal.it

The Voice in the Desert
https://www.thevoiceinthedesert.org

Confessione d'un amore fascista
https://www.amorefascista.it

Malinverno
https://www.malinverno.org

Debito formativo
https://www.debitoformativo.it

Adina Spire
https://www.adinaspire.com