სარამაგო, ჟოზე
ვიკიპედიიდან
ჟოზე სარამაგო (პორტ. José Saramago) (დ. 1922 წლის 16 ნოემბერს) - პორტუგალიელი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი. მისი ნამუშევრები ძირითადად ისტორიული მოვლენების სახეცვლილი პერსპექტივებია ხაზგასმული ადამიანური ფაქტორითა და ალეგორიული ქვეკონტექსტებით.
1998 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. ამჟამად ცხოვრობს ლანზაროტში, კანარის კუნძულები, ესპანეთი. სამარაგო პორტუგალიის კომუნისტური პარტიის წევრია 1969 წლიდან, ასევე ათეისტი და, როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს, პესიმისტი ფრიად კონტროვერსიული (შესაცვლელია) მსოფლმხედველობით - მის შეხედულებებს ხშირად გამოუწვევია მწვავე რეაქცია პორტუგალიის საზოგადოებაში, განსაკუთრებით "სახარება იესო ქრისტეს მიხედვით" გამოქვეყნების შემდეგ. სარამაგოს ნოველებში ხშირად აღწერილია წარმოუდგენელი ისტორიული სიტუაციები, მაგ. მის 1986 წლის რომანში "ქვის ტივი" იბერიის ნახევარკუნძული მოსწყდება ევროპას და იწყებს მოგზაურობას ატლანტიკის გარშემო. 1995 წლის რომანში “სიბრმავე” მთელ უსახელო ქვეყანას უცნობი ჭირი, ანუ "თეთრი სიბრმავე" შეეყრება, რომელიც სხვა ადამიანებზე შეხედვით ვრცელდება და ასე ნელ-ნელა მთელი ქვეყანა ბრმავდება. მის 1984 წლის რომანში “რიკარდო რეისის სიკვდილის წელიწადი” ფერნანდო პესოას ჰეტერონიმი ცოცხლობს პოეტის სიკვდილიდან ერთი წლის განმავლობაში. მისი, როგორც ავტორის, უდიდესი ღირსება თანამედროვე ქალაქში მცხოვრებ მარტოსულ ადამიანთა მდგომარეობის თანაგრძნობაა. მისი გმირები ცდილობენ ერთმანეთი მოძებნონ, ურთიერთობა დაამყარონ, შექმნან სოციუმი, იყვნენ ინდივიდუალური, იპოვონ აზრი არსებობის.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სარამაგო უმიწო გლეხის ოჯახში დაიბადა აზინაგაში, პორტუგალია, მცირე სოფელში რიბატეჟოს პროვინციაში ლისაბონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ასეულ კილომეტრში. მისი მშობლები იყვნენ ჟოზე დე სუზა და მარია დე პიედადე. სარამაგო გარეული მცენარის სახელია და მამამისის მეტსახელი იყო. ის შემთხვევით გახდა უმცროსი ჟოზეს გვარი, მისი დაბადებისას სარეგისტრაციო მოწმობაში შეცდომის გამო. 1924 წელს სარამაგოს ოჯახი ლისაბონში გადასახლდა, სადაც მამამისმა პოლიციელად დაიწყო მუშაობა. დედაქალაქში გადასვლიდან რამდენიმე თვეში მისი უფროსი ძმა ფრანცისკო გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჟოზე წარჩინებული მოწაფე იყო, მის მშობლებს საშუალება არ გააჩნდათ მისთვის გრამატიკის სკოლა დაემთავრებინათ და 12 წლის ასაკში ტექნიკურ სასწავლებელში გადაიყვანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ორი წელი მანქანის მექნიკოსად მუშაობდა. მოგვიანებით მან თარჯიმნობა დაიწყო, შემდეგ ჟურნალისტად, ბოლოს კი წერას მიჰყო ხელი. სამარაგომ 1944 წელს ილდა რეისი შეირთო ცოლად. 1947 წელს მათ შეეძინათ ერთადერთი შვილი, ვიოლანტე. მოგვიანებით სარამაგომ პილარ დე რიოზე იქორწინა, ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლების ოჯახის შვილზე.
[რედაქტირება] სტილი
სარამაგო უსაშველოდ გრძელი წინადადებებით წერს და პუნქტუაციის ნიშნებს იქ ხმარობს, სადაც მოესურვება. დიალოგების გამოსაყოფად ბრჭყალებს ან სხვა ნიშნებს არ იყენებს. მის თითოეულ წინადადებათა უმრავლესობა შეიძლება მთელ გვრდზე გაგრძელდეს, ვინაიდან მძიმეს სვამს წერტილის ნაცვლად. მისი ერთი პარაგრაფი ზოგიერთი ავტორის წიგნის თავი გამოვიდოდა. თუმცა, საკვირველია, რომ მკითხველთა უმრავლესობა მისი პროზის სტილს სწრაფად ეჩვევა.
[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია
- 1977 - ხატვისა და კალიგრაფიის სახელმძღვანელო (Manual de Pintura e Caligrafia)
- 1978 - ქუაზი-ობიექტები (Objecto Quase)
- 1981 - მოგზაურობა პორტუგალიაში (Viagem a Portugal)
- 1982 - ბალთაზარი და ბლიმუნდა (Memorial do Convento)
- 1984 - რიკარდო რეისის სიკვდილის წელიწადი (მიეძღვნა ფერნანდო პესსოას) (Ano da Morte de Ricardo Reis)
- 1986 - ქვის ტივი (Jangada de Pedra)
- 1989 - ლისაბონის ალყის ისტორია (História do Cerco de Lisboa)
- 1991 - სახარება იესო ქრისტეს მიხედვით (Evangelho Segundo Jesus Cristo)
- 1995 - სიბრმავე (Ensaio sobre a Cegueira)
- 1997 - ყველა სახელი (Todos os Nomes)
- 1999 - უცნობი კუნძულის ამბავი (Conto da Ilha Desconhecida)
- 2001 - გამოქვაბული (Caverna)
- 2003 - დუბლიკატი (Homem Duplicado)
- 2004 - Ensaio sobre a Lucidez
- 2005 - Don Giovanni ou o Dissoluto Absolvido
*(ზოგიერთ ნაშრომთა სახელწოდების თარგმანი პირობითია).