პოეზია
ვიკიპედიიდან
პოეზია (ბერძნ.: ποίησις "ვქმნი") — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიც ენა გამოიყენება მისი ესთეტიური თვისებების გამო, მის მნიშვნელობათან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა და კომედიაში.[1]
- ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.
- მხატვრული ლიტერატურის ერ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარი მეტრულ-რიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად - სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც უგულვებელჰყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.
პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როცა სიტყვა, მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. ჩვეულებრივი მეტყველებისგან პოეზია განსხვავდება სიტყვების არაბუნებრივი, განსაკუთრებული წყობით, სადაც სინტაქსი ემორჩილება რიტმულ-ინტონაციურ პერიოდულობას რაც სათანადო ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ახდენს.
პოეზია რენესანსის ეპოქამდე ბატონობდა, ხოლო მხატვრული პროზის ხელოვნებად ჩამოყალიბების შემდეგ იგი აგრძელებს პარალელურად არსებობას. ხშირია პროზასა და პოეზიას შორის შუალედური ჟანრებისა და ფორმების შექმნაც, მაგრამ მათ გამყოფად ყოველთვის რჩება ლექსის სტრიქონად ორგანიზებული მეტყველება, რიტმულ-ინტონაციური პერიოდულობა, რომელიც ნათლად აირეკლა ლექსითი მეტყველების ლათინურ სახელწოდებაში: versus – “უკან დაბრუნება” (იგულისხმება ლექსითი სტრიქონის უკან დაბრუნება ხელახალი, პერიოდული განმეორებისთვის).
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ არისტოტელეს "პოეტიკა" (ποιητική).