ახალი აღთქმა
ვიკიპედიიდან
ახალი აღთქმა, "საღვთო წიგნების" კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია "ოთხთავი", ანუ 4 სახარება - მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. მას მოსდევს "საქმე მოციქულთა", "კათოლიკე ეპისტოლენი" (7), "ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი" (14) და "გამოცხადება იოანესი", ანუ "აპოკალიფსისი".
ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე შეიქმნა. მისი შედგენა ახ. წ. I საუკუნის II ნახევარში დაიწყო და თითქმის მთელი საუკუნე ჰრძელდებოდა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი ახალი აღთქმისა არის "გამოცხადება იოანესი", ხოლო სახარებანი ახ. წ. II საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება. თავდაპირველად ახალი აღთქმა გაცილებით მეტ "საღვთო წიგნებს" შეიცავდა (30 სახარება იყო, ათეულობით "გამოცხადება", ეგნატეს, პოლიკარპეს და კლიმენტის ეპისტოლენი, ჰერმას "მწყემსი", "დიდაქე" და სხვა), მხოლოდ ლაოდიკეის საეკლესიო კრების (364) შემდეგ დაკანონდა იგი და დღევანდელი სახე მიიღო, თუმცა ზოგიერთი ნაწილის რედაქცია შემდეგაც გრძელდებოდა. ახალი აღთქმის დაკანონების მიზანი იყო ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცება, ერეტიკოსებთან ბრძოლა და ახალ მწვალებლობათა წარმოშობის თავიდან აცილება.
ვარაუდობენ, რომ ქართულ ენაზე ახალი აღთქმის ზოგი წიგნი (პირველ რიგში სახარება) IV საუკუნის II ნახევრიდან ითარგმნა. დანარჩენი V-VI საუკუნიდან, გარდა იოანეს გამოცხადებისა, რომელიც ითარგმნა X საუკუნეში. V-VI საუკუნეებში ხანმეტი ძეგლები სახარებისა და ახალი აღთქმის ზოგი სხვა წიგნის ტექსტებსაც შეიცავენ. სახარებას ("ევანგელე") მოიხსენიებს იაკობ ცურტაველი (V საუკუნის 70-იანი წლები). ახალი აღთქმის წიგნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. საქართველოში მეცნიერულად გამოცემულია სახარება, მოციქულთა საქმე, კათოლიკე ეპისტოლეები და იოანეს გამოცხადება. არსებობს ქართული სახარების სიმფონია-ლექსიკონი.