ჰაშეკი, იაროსლავ
ვიკიპედიიდან
ჰაშეკი, იაროსლავ (* 30 აპრილი, 1883, პრაღა ― † 3 იანვარი, 1923, ლიპნიცე), ჩეხი მწერალი. დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა კომერციული სასწავლებელი. ბეჭდვა დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად აქვეყნებდა მგზავრულ ნარკვევებსა და იუმორისტულ ჩანახატებს. ჰაშეკს ეკუთვნის ათასამდე ნარკვევი, მოთხრობა და ფელეტონი, რომლებშიც დასცინის ბიუროკრატიულ სახელმწიფოს აპარატს, ბურჟუაზიულ მორალსა და სამღვდელოებას.
1912 წელს გამოაქვეყნა მოთხრობათა კრებული "ყოჩაღი ჯარისკაცი და სხვა გასაოცარი ისტორიები". 1915 ავსტრია-უნგრეთის არმიაში გაიწვიეს. მალე რუსებს ჩაბარდა ტყვედ. 1916 შევიდა რუსეთში შექმნილ ჩეხ-სლოვაკთა სამხედრო ნაწილში. თანამრომლობდა გაზეთ "ჩეხოსლოვანში" (კიევი). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჰაშეკი გადავიდა საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე, გახდა რკპ (ბ) წევრი და შევიდა წითელი არმიის რიგებში (1918). თანამშრომლობდა საფრონტო გაზეთებში.
რუსულად გამოაქვეყნა "ადმირალ კოლჩაკის არმია" და "ხუცეს მალიუტას დღიური" (ორივე 1919). 1920 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჰაშეკის შემოქმედების მწვერვალია რომანი "ყოჩაღი ჯარის შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს" (1921-1923, დაუმთავრებელია). შვეიკი - "პატარა ადამიანი" გამოხატავს ხალხის პროტესტს ომის წინააღმდეგ.
ქ. ლიპნიცეში (ჩეხოსლოვაკია - ახლანდელი ჩეხეთი) 1959 გაიხსნა ჰაშეკის მუზეუმი.