ჰაიზენბერგი, ვერნერ
ვიკიპედიიდან
ვერნერ კარლ ჰაიზენბერგი (* 5 დეკემბერი, 1901, ვიურცბურგი ― † 1 თებერვალი, 1976,მიუნხენი), გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი შემქმნელი. 1923 დაამთავრა მიუნხენის უნივერსიტეტი, სადაც ისმენდა ა. ზომერფელდის ლექციებს. 1923-1927 იყო მ. ბორნის ასისტენტი, 1927-1941 - ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი, 1941-იდან - მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი ბერლინსა და გეტინგენში, ხოლო 1955-იდან - მიუნხენში.
1925 ნ. ბორთან ერთად დაამუშავა ე. წ. მატრიცული მექანიკა (კვანტური მექანიკის პირველი ვარიანტი), რომელმაც შასაძლებელი გახადა ჰელიუმის ატომის მახასიათებლების კვანტურ-მექანიკური გამოთვლა. 1927 ჩამოაყალიბა განუზღვრელობის პრინციპი. კვანტური მექანიკის საკითხებზე შექმნილი შრომებისათვის მიენიჭა ნობელის პრემია (1932). დაამუშავა ფერომაგნეტიკების სპონტანური დამაგნიტებისა და გაცვლითი ურთიერთქმედების თეორია. შრომები აქვს ატომბირთვის თეორიის, რელატივისტური კვანტური მექანიკისა და ველის ერთიანი თეორიის საკითხებზე.