ტოკუგავა
ვიკიპედიიდან
ტოკუგავა, იაპონიის სამხედრო ფეოდალ-გამგებელი - შოგუნთა მესამე დინასტია (1603-1867). დააარსა ტოკუგავა იეიასუმ. სახელმწიფოს გაძლიერების მიზნით ტოკუგავამ გაატარა შემდეგი რეფორმები: შემოიღო ყველა წოდების ვალდებულებებისა და უფლებების მკაცრი რეგლამენტაციის სისტემა; გლეხები მიწას მიაჯაჭვა; შეზღუდა სავაჭრო-სავახშო კაპიტალის განვითარება; მკაცრი პოლიტიკური კონტროლი დააწესა მთავრებზე. გარეშე მტრებისაგან თავდაცვისა და ფეოდალური წესების ურყევად შენარჩუნების მიზნით ტოკუგავას მთავრობამ XVII საუკუნის 30-იან წლებში შემოიღო გარე სამყაროსთან იაპონიის თვითიზოლაციის პოლიტიკა. აშშ და ევროპის სახელმწიფოებმა აიძულეს შოგუნატი შეეწყვიტა ქვეყნის თვითიზოლაციის პოლიტიკა და 1854-1858 იაპონიას თავს მოახვიეს არათანასწორუფლებიანი ანსეის ხელშეკრულებები. 1867-1868 დაუმთავრებელეი ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად შოგუნატი დაემხო.