კოში, ოგიუსტენ ლუი
ვიკიპედიიდან
ოგიუსტენ ლუი კოში (*21 აგვისტო, 1789, პარიზი – † 23 მაისი, 1857, სო), ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1816).
დაამთავრა პოლიტექნიკური სკოლა (1807), აგრეთვე ხიდებისა და გზების სკოლა პარიზში (1810). 1910–1813 წლებში მუშაობდა ინჟინრად ქ. შერბურში. 1816–1830 ასწავლიდა პოლიტექნიკურ სკოლასა და კოლეჟ დე ფრანსში, 1848 წლიდან – პარიზის უნივერსიტეტსა და კოლეჟ დე ფრანსში. მისი შრომები ეძღვნება მათემატიკის (ძირითადად მათემატიკურ ანალიზს) და მათემატიკური ფიზიკის სხვადასხვა დარგს. მის მიერ დაწერილი შრომა "ანალიზის კურსი" ეფუძნება ზღვრის ცნების სისტემურ გამოყენებას. განსაზღვრულია ფუნქციის უწყვეტობის ცნება, მოცემულია კრებად მწკრივთა თეორიის აგება, ინტეგრალის, როგორც ჯამების ზღვრის, განსაზღვრა და ა.შ. კოში სისტემატურად ავითარებდა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის საფუძვლებს, გამოსახა ანალიზური ფუნქცია ინტეგრალის სახით, გაშალა ფუნქცია ხარისხოვან მწკრივად, განავითარა ნაშთთა თეორია. კოშის მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში, გეომეტრიაში, რიცხვთა თეორიაში, ალგებრაში და ა.შ.