ევროკომისია
ვიკიპედიიდან
ევროკომისია - ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. ერთი კომისია სამი თანამეგობრობისათვის (ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ატომური ენერგიის დარგში ევროპის თანამშრომლობის ორგანიზაცია) დაარსდა მას შემდეგ, რაც 1967 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ადმინისტრაციათა გამაერთიანებელი ხელშეკრულება.
კომისიის წევრებს საერთო თანხმობის საფუძველზე ნიშნავენ წევრი სახელმწიფოები 5 წლის ვადით. ევროკომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და ესეც ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, პრეზიდენტთან ერთად ინიშნება და მტკიცდება კომისიის სხვა წევრებიც.
საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას ევროკომისია დიდი დამოუკიდებლობით სარგებლობს. იგი გამოხატავს თანამეგობრობის ინტერესებს და არ ღებულობს ინსტრუქციებს ცალკეული წევრი სახელმწიფოებისაგან. ევროკომისია მეთვალყურეობას უწევს ხელშეკრულებათა შესრულებას და უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მიღებული ინსტრუქციებისა და დირექტივების სათანადო ხორცშესხმას. თანამეგობრობის კანონის გატარების უზრუნველსაყოფად, მას შეუძლია რაიმე კონკრეტული შემთხვევის გადაცემა მართლმსაჯულების სასამართლოსათვის. ევროკომისიას აქვს ინიციატივის გამოჩენის განსაკუთრებული უფლება, მას შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე ჩაერიოს საკანონმდებლო პროცესში, რათა ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას საბჭოში ან საბჭოსა და პარლამენტს შორის. ევროკომისიას საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვის საქმეში აღმასრულებელი ფუნქციაც აკისრია.
ევროკომისიას ზურგს უმაგრებს სამოქალაქო სამსახური, რომელიც ბრიუსელსა და ლუქსემბურგში მდებარეობს. ეს სამსახური შედგება 38 დეპარტამენტისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორატები ეწოდება. ყოველი დირექტორატი პასუხისმგებელია ერთიანი პოლიტიკისა და ადმინისტრირების განხორციელებაზე გარკვეულ სფეროში.