ეგზისტენციალიზმი
ვიკიპედიიდან
ეგზისტენციალიზმი - ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ჩაისახა პირველი მსოფლიიო ომის ბოლოს, გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მან ფილოსოფიის ცენტრში დააყენა ადამიანის არსებისა და არსებობის სიღრმისეული პრობლემები. მოაზროვნე, რომლის პირადმა რელიგიურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალისტებზე სორინ კირკეგორია. ასევე გავლენა მოახდინეს ნიცშემ და ჰუსერლიმ.
[რედაქტირება] ფილოსოფია
განასხვავებენ რელიგიურ და ათეისტურ ეგზისტენციალიზმს. თუმცა შეიძლება გამოიყოს ზოგიერთი არსებითი ნიშანი, რომელიც საერთოა ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლებისთვის:
- ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც განსაკუთრებული არსება - ეგზისტენცი. აქ იგულისხმება ადამიანის ყოფნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სახე. ადამიანს კი არა აქვს ეგზისტენცი, არამედ თვითონაა ეგზისტენცია.
- ადამიანური ეგზისტენცი ყოველთვის ინდივიდუალურია. იგი არა საერთოდ ადამიანს ანდა ადამიანთა სიმრავლეს, არამედ ინდივიდუალურ, ერთეულ ადამიანს ეხება. ეგზისტენცი ინდივიდის ყოფნის სახეა, იგი მკაცრად პიროვნული და სუბიექტურია, არ ემორჩილება ობიექტურ ზოგადოებას.
- ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავისთავში ჩაკეტილ,იზოლირებულ,ინდივიდუალურ არსებად. პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თვისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი. ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში.
- ეგზისტენცი ყოფნის უცვლელი ფორმა კი არ არის, არამედ დინამიურია. იგი არასოდეს არაა მოცემული როგორც უცვლელი ყოფნის სახე, არამედ ყოველთვის თავისუფლად ქმნის თავის თავს. ამიტომაც, ეგზისტენციალისტების აზრით ადამიანს წინასწარ არა აქვს მოცემული თავისი არსება, ძირითადი განსაზღვრულობა. ადამიანი ამგვარი წინასწარ დადგენილი არსების გარეშე არსებობს და მუდმივ ქმნადობაში, თვითპროექტირებაშია. იგი თავისუფლად ქმნის თავის თავს და არის სწორედ ეს თავისუფლება.
- ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში. ამ ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მათ მიაჩნიათ ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური არამყარი უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება.
- თანამედროვე ეგზისტენციალისტები კვლევის დროს მეტ-ნაკლებად ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებენ: მათთანაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოფიერების უშუალო წვდომას, მაგრამ ფენომენოლოგებისგან განსხვავებით მათთვის კონკრეტული ეგზისტენცი, ადამიანის არსებობაა კვლევის მთავარი საგანი და არა ზოგადი, მარადიული ,იდეალური არსებები.
[რედაქტირება] ეგზისტენციალისტები
- ჰაიდეგერი, მარტინ (1889 - 1976)
- იასპერსი, კარლ (1883 - 1969)
- სარტრი, ჟან-პოლ (1905 - 1980)
- კამიუ, ალბერ (1913 - 1960)
- მერლო-პონტი, მორის (1908 - 1960)
- ბოვუარი, სიმონა დე (1908)
- ბერდიაევი, ნიკოლაი (1874 - 1948)
- შესტოვი, ლევ (1866 - 1938)
- უნამუნო, მიგელ დე (1984 - 1937)