ადიგენის რაიონი
ვიკიპედიიდან
ადიგენის რაიონი - ადმინისტრაციული რაიონი სამცხე-ჯავახეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. რაიონის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის ფერდობებს, დასავლეთი - არსიანის ქედისა. ტერიტორია - 799 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კვ.კმ. რაიონს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე ქვაბლიანი, რომლის შენაკადებია ოცხე, ღაღვი, ძინძე. რაიონის ფარგლებშია მოქცეული ახალციხის მურანახშირის საბადოს ერთი ნაწილი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 20752 კაცი; სიმჭიდროვე - 26 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 57 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 55 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- დაბის საკრებულო - 2: ადიგენი, აბასთუმანი;
- სოფლის საკრებულო - 13: არალის, ბენარის, ბოლაჯურის, გორგულის, ვარხანის, ზანავის, ლელოვნის, მლაშის, მოხის, უდის, ფხერის, ჩორჩანის, ჭეჭლის.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მეკარტოფილეობა, სახორცე-სარძევე მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და ძირითადად ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებითაა წარმოდგენილი. გოდერძის უღელტეხილის გავლით, რაიონის ტერიტორიაზე გადის ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზა. ადიგენის რაიონში მდებარეობს ცნობილი კურორტი აბასთუმანი.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 45 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 34 ბიბლიოთეკა. ყანობილის მთაზე მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
ისტორიული ძეგლები: ზარზმის სამონასტრო ანსამბლი, ჭულეს ეკლესია (XIV ს.), შუა საუკუნეების ციხეები - ოქროსციხე და ზანავის ციხე.
სამცხე-ჯავახეთის მხარე | |
ადიგენის რაიონი | ასპინძის რაიონი | ახალქალაქის რაიონი | ახალციხის რაიონი | ბორჯომის რაიონი | ნინოწმინდის რაიონი |