ულმი
ვიკიპედიიდან
ულმი, ქალაქი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. ნავსადგური მდინარე დუნაიზე. მდინარეების ბლაუსა და ილერის შესართავის მახლობლად. 119.940 ათ. მცხოვრები (2004). მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. საერთო და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა, რადიოტექნიკის, საფეიქრო, სამკერვალო, ქაღალდის მრეწველობა. მუზეუმები.
ცნობილია 854-იდან. შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. XII საუკუნეში მიიღო თავისუფალი საიმპერიო ქალაქის უფლება. XVI საუკუნეში რეფორმაციის ერთ-ერთი ცენტრია. ოცდაათწლიანი ომის 1618-1648 შემდეგ მისი ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. ხუროთმოძღვრული ძეგლები: გოტიკური ტაძარი (1377-1529), რატუშა (XIV-XVI სს.), რენესანსის ხანის მარცვლის შესანახი სახლი (კორნჰაუზი, 1594, არქიტექტორები კ. შმიდი, გ. ბუხმიულერი), XVI-XVII სს. მრავალი საცხოვრებელი სახლი. თანამედროვე ნაგებობათაგან გამოირჩევა ულმის მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლის შენობა (ფუნქციონალიზმი, სტილი; 1953-55, არქიტექტორი მ. ბილი).