მკვლელობა სარაევოში
ვიკიპედიიდან
სერბეთი 1914 წლისთვისდამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, ბოსნია კი ავტრო–უნგრეთის იმპერიის ნაწილი (ოკუპირებული 1878 წელს და ანექსირებული 1908 წელს), დასახლებული მეტწილად სერბებით. ბოსნიური ახალგაზრდობა გაერთიანდა ანარქისტულ, ნაციონალისტურ ორგანიზაციაში "ახალგაზრდა ბოსნია" (Млада Босния), რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა.
1914 წლის 28 ივნისს ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში გენერალ ოსკარ პოტიორეკის მიწვევით, რათა დასწრებოდა სამხედრო წვრთნებს. ფრანც ფერდიდნანდი ზომიერი ავტრიელი პოლიტიკოსი იყო, ბოსნიელთათვის ავტონომიის მინიჭების მომხრე, რითაც თავმოყვარე "ახალგაზრდა ბოსნიის" წევრების გაღიზიანებას იწვევდა.
"ახალგაზრდა ბოსნიამ" გადაწყვიტა ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობა. საქმე დაევალა 6 კაციან ჯგუფს, რომელთაგან 3 დაავადებული იყო ტუბერკულიოზით, იმ დროისთვის განუკურნებელი სენით. საინტერესოა, რომ ერცჰერცოგიც ტუბერკულიოზით იყო დაავადებული.
28 ივნისს, დილის 10 საათისთვის სამეფო წყვილი სარაევოში მატარებლით ჩავიდა. 10:10 საათისთვის კორტეჟი 6 მანქანისგან (თავად ერცჰერცოგის ოჯახი მეორე მანქანაში ისხდა) პოლიციის ცენტრალურ განყოფილებას მიუახლოვდა. იქ მათ შეთმულები ელოდნენ.
ნედელკო ჩაბრინოვიჩმა (Недељко Чабриновић) ისროლა ხელყუმბარა, მაგრამ ააცილა. ფერდინანდის ნაცვლად ყუმბარამ მესამე მანქანის მღძოლი იმსხვერპლა და დაჭრა მანქანის სხვა მგზავრები, ქუჩის პოლიციელი და გამვლელები. ჩაბრინოვიჩმა წინანსწარ მომზადებული საწამლავი (კალიუმის ციანიდი) გადაყლაპა თავის მოკვლის მიზნით, თუმცა მას მხოლოდ პირის ღებინება დაეწყო. შესაძლოა მას მეგობრებმა ჩუმად სხვა, უფრო სუსტი საწამლავი გადასცეს. იგი შეეცადა მდინარეში გადამხტარიყო, მაგრამ ბრბომ შეიპყრო და პოლიციას გადასცა. სხვა შეთქმულებმა არეულობის გამო ვერაფერი შესძლეს. თავდასხმა თითქოს ჩაიშალა.
ფერდინანდი გაემგზავრა ქალაქის რატუშაში მოხსენების წასაკითხად. მოხსენების შემდეგ ამალის ერთ–ერთი წევრი, ბარონი მორსე, მიუახლოვდა ტახტის მემკვიდრეს და სთხოვა, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქის დატოვება. ფერდინანდის ნაცვლად ბარონს გენერალმა პოტიორეკმა უპასუხა: "თქვენ გგონიათ სარაევო მკვლელებითაა სავსე?" ერცჰერცოგმა გადაწყვიტა საავადყოფოში დაჭრილთა სანახავად წასვლა. სოფიმ მოითხოვა მასთან ერთად წასვლა. გადაწყვიტეს სხვა გზით წასვლა. მაგრამ პოტიორეკს დაავიწყდა მძღოლ ფრანც ურბანისთვის ამის შეხსენება.
მძღოლმა შეუხვია ფრანც იოსიფის ქუჩაზე. მას მოახსენეს, რომ არასწორად მიდიოდა. ფრანც ურბანმა დაიწყო ნელ–ნელა მანქანის შემოტრიალება. სწორედ ამ დროს შეამჩნია მანქანა შეთქმულების მეორე წევრმა გავრილო პრინციპმა, რომელიც ამ დროს მაღაზიაში სენდვიჩს ყიდულობდა. გავრილო მიუახლოვდა მანქანას და ორსულ სოფის მუცელში ესროლა, ფრანც ფერდინანდს კი – ყელში. მანაც თავის მოწამვლა სცადა, მაგრამ მასაც მხოლოდ ღებინება დაეწყო, შეეცადა პისტოლეტით თავის მოკვლა, მაგრამ გამვლელებმა იარაღი გამოსტაცეს ხელიდან. ჩაბრინოვიჩისდაგვარად იგი ჯერ სასტიკად სცემა ხალხმა და მხოლოდ მერე გადასცეს პოლიციას. დაჟეჟილობები იმდენად მძიმე აღმოჩნდა რომ მოგვიანებით ციხეში მას ხელის ამპუტაციაც კი გაუკეთეს.
ფრანც ფერდინანდი და სოფი სასწრაფოდ გუდერნატორის რეზიდენციაში გადაიყვანეს, მაგრამ იარები სასიკვდილო აღმოჩნდა და ერთი საათის მერე გარდაიცვალნენ.
შეთქმულების ექვსივე მონაწილე დაპატიმრებულ იქნა. ისინი უარობდნენ ჩვენების მიცემას. მაგრამ მოგვიანებით ერთ–ერთმა მათგანმა (სავარაუდოთ, დანილო ილიჩმა) გათქვა ოპერაციის დეტალები, მათ შორის ყველაზე ფასეული ინფორმაცია – იარაღი სერბეთის მთავრობის მიერ იყო მოწოდებული.
[რედაქტირება] თავდასხმის შედეგები
პრინციპის სიკვდილით დასჯა ვერ მოეხერხდა, ვინაიდან იგი მხოლოდ 19 წლის იყო და ავსტრო–უნგრული კანონებით სრულწლოვანი არ იყო. მას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა – 20 წელი. შეთქმულების სხვა წევრებსაც თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივი ვადა შეუფარდეს. დანილო ილიჩი კი ჩამოახრჩეს.
ავსტრო–უნგრეთმა სერბეთს დამამცირებელი ულტიმატუმი წაუყენა. საყოველთაო გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – სერბეთი დათანხმდა. მიუხედავად ამისა, ავსტრიამ სერბეთი არაგულწრფელობაში დაადანაშაულა და დაიწყო ომი. 4 წლის შემდეგ ომი ავსტრია–უნგრეთის კაპიტულაციით დასრულდა. ბოსნია შეუერთდა სერბეთს. "ახალგაზრდა ბოსნიის" წევრების სურვილი ახდა, თუმცა გავრილო პრინციპი ამ ფაქტს ვერ მოესწრო – 3 თვით ადრე, 1918 წლის 28 აპრილს იგი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.