ბერძენიშვილი, დავით
ვიკიპედიიდან
დავით ბერძენიშვილი (4 აგვისტო, 1960; ბათუმი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" თავმჯდომარე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი.
დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიენიჭა ისტორიკოსის კვალიფიკაცია. იყო პოლიტპატიმარი – ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის გაასამართლეს; სასჯელი მოიხადა მორდოვეთის პოლიტპატიმართა ბანაკში ЖХ 385/3-5 (1983-1985). მუშაობდა ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად (1986-1990). იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990-1992), საქართველოს საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორი (1992), საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), პარლამენტის წევრი (1992-1995), აჭარის არ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1991-1996), რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი (1996-2000), რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე (2000-2005), ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტის" თავმჯდომარე (2002-2004). ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.