წერეთელი, ვასილ
ვიკიპედიიდან
ვასილ წერეთელი (* 1862, სოფ. ცხრუკვეთი (ჭიათურის რაიონი) ― † 1937, თბილისი), ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ექიმი და პუბლიცისტი, აკადემიკოს გიორგი წერეთლის (1904-1973) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის თინათინ წერეთლის (1903-1980) მამა, გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის (1878-1965) უფროსი ძმა.
იგი იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარის მოძღვრის სვიმონ წერეთლის (მისგან იღებს სათავეს მოძღვრიშვილ-წერეთელთა ცნობილი საგვარეულო) და იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის ატატო ბაგრატიონის შთამომავალი.
სექციების სია |
[რედაქტირება] განათლება
ვ. წერეთელმა 1883 წელს დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1884 წელს შევიდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ხალხოსნურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისათვის (იგი იყო ვარლამ ჩერქეზიშვილის მიერ დაარსებული ცნობილი ორგანიზაციის "ნაროდნაია ვოლია"-ს წევრი) 1887 წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით, 1898 წელს, დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
[რედაქტირება] საექიმო, პუბლიცისტური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა 1887-1893 და 1898-1918 წლებში
ოდესის უნივერსიტეტიდან გარიცხვის შემდეგ, 1887 წელს ვასილ წერეთელი დაბრუნდა სამშობლოში. თითქმის ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბათუმში, იყო რუსულენოვანი გაზეთის "ჩერნომორსკი ვესტნიკ"-ის რედაქტორი.
კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1898-1900 წლებში იგი იყო ჭიათურის საავადმყოფოს გამგე. 1900-1908 წლებში საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და თიანეთში. 1908 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისში - იყო ქუთაისის ამბულატორიის გამგე და ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ჰიგიენის მასწავლებელი.
ზემოთ აღნიშნულ წლებში ვასილ წერეთელი ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. მისი წერილები ხშირად ქვეყნდებოდა გაზეთებში "დროება", "ივერია", "ცნობის ფურცელი", "იმერეთი", "საქართველო". 1912 წელს იგი იყო გაზეთის "იმერეთი" ერთ-ერთი ფუძემდებელი, შემდეგ კი - რედაქტორი. 1916-1917 წლებში რედაქტორობდა ქუთაისში გამომავალ პოპულარულ გაზეთებს "სამშობლო" და "ჩვენი ქვეყანა". აღსანიშნავია, რომ მან შეადგინა და გამოსცა "სამეცნიერო-საფილოსოფიო ტერმინოლოგია", რომელიც წარმოადგენდა ამ ხასიათის პირველ გამოცემას ქართულ ენაზე.
იმავე წლებში ვ. წერეთელი აქტიურად იღვწოდა პოლიტიკურ სარბიელზეც. 1900-იანი წლების დამდეგიდან იგი იყო ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, ხოლო 1917 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რასაც საფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის მიერ 1905 წელს შედგენილი პროგრამა. ვასილ წერეთელი იყო ამ პარტიის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე.
1890-იანი წლების დამლევს ვასილ წერეთელი არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.
[რედაქტირება] ვასილ წერეთელი 1918-1921 წლებში
1917 წელს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ ვ. წერეთელი აირჩია ეროვნული საბჭო-ს წევრად. 1918 წლის 26 მაისს სწორედ საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც ამშვენებს ვასილ წერეთლის ხელმოწერაც. 1919-1921 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტის, - დამფუძნებელი კრების, წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან.
1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ამის შემდეგ ვ. წერეთელი ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას.
[რედაქტირება] 1921-1937
1921-1926 წლებში ვ. წერეთელი საექიმო მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისში. 1926 წლის დამდეგიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1926-1930 წლებში იგი იყო ქართული სამედიცინო ჟურნალის "ჯანსახკომის მოამბე" რედაქტორი.
გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში.