სპერი (მხარე)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "სპერი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: სპერი |
სპერი (ამჟამად თურქეთის პროვინცია ისპირი) ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს ჭოროხის ზემო დინებაში. მკვლევართა დიდი ნაწილი სპერსა და მის მოსახლეებს მიიჩნევს აღმოსავლელი ქართული ეთნიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული წრის შემადგენელ ნაწილად. ძვ. წ. V ს-ში ჰეროდოტე იხსენიებს მის მოსახლეობას - სასპერებს (ტერმინი შეიძლება ნაწარმოები იყოს მხარის სავარაუდო სახელწოდებისაგან "სასპერ"-ოდან). სპერის ტერიტორია შავ ზღვამდე აღწევდა (აქედან სახელწოდება "სპერის ზღუა"). ძვ. წ. IV-III სს-ში სპერი, ქართლის სამეფოს წარმოქმნის დროისათვის, პროვინცია იყო (სტრაბონი სპერის "პარიადრის მთიანეთის" სახელით იხსენიებს).
სპერის მხარის ერთი ნაწილი - ზემო სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან (ტაო, გოგარენე) პერიოდულად გადადიოდა ხან სომხეთის, ხან ქართლის მფლობელობაში. სომხეთის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ.წ. II საუკუნეში და ახ.წ. III-IV საუკუნეებში (387 წლამდე). სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი XVI საუკუნის 70-იანი წლების დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს საზღვრებში: XII-XIII სს-ში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაშია, XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხის სამთავროში (სამცხე-საათაბაგოში) შედის. XIII საუკუნის ბოლოს სამცხის მთავარმა ბექა მანდატურთუხუცესმა სპერში დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი. 1578 წლიდან ეს ძირძველი ქართული მხარე ოსმალეთმა მიიტაცა. ამჟამად იგი შედის თურქეთის ისპირის ვილაიეთში. სპერი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ეს მხარე არის ბაგრატიონთა საგვარეულოს სამშობლო.