ჟინვალი
ვიკიპედიიდან
ჟინვალი - დაბა დუშეთის რაიონში, სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზაზე (ზღვის დონიდან 760 მ, დუშეთიდან 15 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1976 წელს. მოსახლეობა 1.9 ათასი (2002). ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით დაბის ტერიტორიაზე ქალაქი აღმოცენდა XII ს-ის მე-2 ნახევარში, ხოლო დასახლებული პუნქტი გაცილებით ადრე უნდა არსებულიყო. ჟინვალის ტერიტორიაზე გათხრილია სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები. 1971 წელს აქ დაიწყო ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა და ყოფილი სოფელი მოექცა დატბორვის ზონაში. ამის გამო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასახლდა სოფლებს არანისსა და ბიჩნიგაურთკარს შორის, სადაც გაშენდა თანამედროვე დაბა.