იბერია
ვიკიპედიიდან
იბერია, ივერია, იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც "აღმოსავლეთ იბერია" ან "კავკასიის იბერია" ამავე სახელწოდების "იბერიის ნახევარკუნძულისგან" განსასხვავებლად.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდების ეტიმოლოგია
გვიანდელი და შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი დროის ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში "ივერია" იხმარებოდა მთელი საქართველოს აღსანიშნავად, ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს უწოდებდნენ ზემო ივერიას, ხოლო დასავლეთ საქართველოს - ქვემო ივერიას. ამ სახელწოდებით წარმომავლობა ნათელი არ არის. იგი გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ) გარემოში ელინისტურ ხანაში.ზოგი მას ქართულ "იმერს" (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს). ბერძნებთან იბერიად ცნობილი ქვეყანა ადგილობრივ "ქართლად" იწოდებოდა.
[რედაქტირება] ისტორია
ელინისტური ხანიდან იბერია მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტიკურ ერთეულს (სახელმწიფოს) აღნისნავდა, რომელიც აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართული ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. წინაელინისტურ ხანაში აქ მრავალი სატომთაშორისო გაერთიანება (ტომთა კავშირი) და ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო. ამ დროს აქაური მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი უნდა ეთამაშა მესხების ქართველ ტომებს, რომლებიც ადრე ხეთური კულტურის გავლენის სფეროში შედიოდნენ და მცირე აზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. აქემენიდურ ხანაში ამ რაიონში არსებული ქართული გაერთიანება ცნობილია არიან-ქართლის ("სპარსეთის ქართლის") სახელით და სპარსეთის ფარგლებში უშუალოდ შემავალ აღმოსავლურ-ქართულ გაერთიანებას გულისხმობს.
ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც. შეიქმნა დიდი სახელმწიფო გაერთიანება, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიც მესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური თვთაების კულრი (არმაზის, ზადენის), რომლებიც უზენაეს ღმერთებად იქცნენ. მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე - არმაზციხე და ზადენციხე.
ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში იბერია სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა ("მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომელიც იბერიის მეფეთა ახალი დინასტიის - ფარნავაზიანების - ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა. შიდა ქართლის, კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტორიული ოლქები - გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები (ისინი, სტრაბონის ცნობით, მხოლოდ ძვ. წ. II-I საუკუნეებში ჩამოაჭრეს სომხეთის სამეფოებმა იბერებს). იბერიის სამეფოს ძალაუფლება ვრცელდებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე და დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებზეც (ეგრისი).
[რედაქტირება] შემადგენლობა
ქართული ისტორიული ტრადიცია უკვე ფარნავაზის ხანას მიაწერს სამეფოს დაყოფას 7 საერისთავოდ:
- არგვეთი
- კახეთი და კუხეთი
- გარდაბანი
- ტაშირი და აბოცი
- ჯავახეთი, კოლა და არტაანი
- სამცხე და აჭარა
- კლარჯეთი
ცალკე ერთეულს ქმნიდა შიდა ქართლი, რომელიც სპასპეტის საგამგებლოს წარმოადგენდა. ფარნავაზის სუვერენიტეტს აღიარებდა, ამ ტრადიციის თანახმად, ეგრისიც.
[რედაქტირება] ძირითადი ქალაქები
იბერიის დედაქალაქი მცხეთა მრავალი სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთის პუნქტში მდებარეობდა. აქ იყრიდა თავს გზები ალბანეთიდან, სომხეთიდან, კოლხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ ადგილზე გადიოდა დიდი საერთაშორისო სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა. მტკვრის ხეობაში მცხეთის გარდა იყო იბერიის მნიშვნელოვანი ცენტრები - უფლისციხე, წუნდა, ოძრხე და სხვა. სტრაბონის ცნობით ელინისტური ხანის იბერია წარმოადგენდა მჭიდროდ დასახლებულ მეტწილად ქალაქებითა და დაბებით დასერილ ქვეყანას, სადაც იყო კრამიტისსახურავიანი და ხუროთმოძღვრების წესით ნაგები სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადო შენობები. იბერიის ქალაქებში იყო სავაჭრო სახელოსნო უბნები, ხშირად უცხო ტომის ხალხით დასახლებული. მაგ., ძვ. ქართული ქრონიკის მიხედვით, ძვ. წ. 169 მცხეთაში დაარსებულა ებრაული კოლონია. იბერიაში ჭრიდნენ ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტების მინაბაძებს, რაც მსოფლიო ბაზარზე იბერიის აქტიური მონაწილეობით იყო გამოწვეული. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უცხო ქვეყნების მოჭრილი ელინისტური ხანის მონეტებიც. იბერიის სამეფოში დაწინაურებული იყო სამშენებლო საქმე. აიგო ციხესიმაგრეები: არმაზციხე - სამეფო რეზიდენცია, ზადენციხე - სევსამორა, კახეთში - ნეკრესი, აშენდა მცხეთა და სხვა, აღიმართა უზენაეს ღვთაებათა კერპები (არმაზის, ზადენის, აინინასი და დანინასი) და სხვა.
[რედაქტირება] დაკნინების პერიოდი
ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთა ბრძოლაში ზოგი ტერიტორია დაკარგა. ელინისტური ხანის იბერია ადრინდელი კლასობრივი წინაფეოდალური სახელმწიფო იყო. მატერიალური დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი - მიწისმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას. პრივილეგიურ ფენებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხედრო-სამოხელეო არისტოკტარია და ქურუმობა. სამეფო კარზე ჯერ არ იყო მტკიცედ ჩამოყალიბებული ტახტის მემკვიდრეობის წესი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ გარდაცვლილი მეფის უახლოეს ნათესავთაგან ყველაზე ხნიერი. მთის მოსახლეობ სამეურნეო საქმიანობით ჩაცმა-დახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან. იგი ამ დროს ჯერ კიდევ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, თუმცა იბერიის სახელმწიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
ძვ. წ. 65 იბერია დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპუესმა. მიუხედავად ენერგიული წინააღმდეგობისა, იბერიის მეფე არტაგი ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს.
[რედაქტირება] რომთან კავშირი
მალე იბერია განთავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისაგან. რომსა და იბერიას შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახალი წელთააღრიცხვით I-II საუკუნეებში კი იბერია კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთში. იბერიის გაძლიერებას ხელი შეუწყო კონტროლის დაწესებამ კავკასიონის გადმოსასვლელებზე და საგარეო ლაშქრობებში იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გამოყენებამ. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები და I საუკუნის 30-50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა.
I საუკუნის II ნახევარში იბერიამ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა. ხოლო II საუკუნის 30-50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როცა იბერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. იბერიის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელტა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის - ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხედრო ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე "გაუფართოებია ფარსმანის სამეფო", ე. ი. უცვნია იბერიის ფართოდ გაწეული საზღვრები.
[რედაქტირება] სპარსეთის გავლენა
ამ დროს იბერია წარმატებით ებრძოდა პართიასაც. მდგომარეობა შეიცვალა III საუკუნიდან, როცა ძალაუფლება სასანიდების ხელში გადავიდა. შაპურ I-ის დროს (242-272) იბერია იმპერიაში შემავალ ქვეყნად ითვლებოდა, მისი მეფე ამაზასპი სახელმწიფოს დიდებულთა შორის რიგით მეოთხე პირად, მაგრამ იგი უფრო ირანის ძლიერ მოკავშირეს წარმოადგენდა, ვიდრე დამორჩილებულ ქვეყანას. შემდგომში იბერიის საგარეო მდგომარეობა გაუარესდა და იგი იძულებული გახდა არჩევანი გაეკეთებინა, ერთი მხრით, ძლიერ ირანსა და, მეორე მხრით, გაძლიერების გზაზე მდგარ აღმოსავლეთ რომის იმპერიას (ბიზანტიას) შორის. IV საუკუნის დასაწყისში იბერია რომის ორიენტაციას დაადგა, რაც სახელმწიფომრელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაში გამოიხატა.
[რედაქტირება] წყობა
I-III საუკუნეებში იბერიაში მიმდინარეობდა საზოგადოების მკვეთრი ქონებრივი და სოციალური დიფერენცია. თავისუფალ მეთემეთა ერთმა ნაწილმა დაკარგა საკუთრება და დაქვემდებარებული თემების წევრებს ("გლეხებს") შეერწყა, ანდა "ტაძრეულთა" (სამეფო მიწების პირობით მფლობელობაში მქონე მიწისმოქმედთა) ფენა შექმნა. მეორე ნაწილი კი აღზევდა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიასთან ერთად "ერისაგან" გამოყოფილ "აზნაურთა" წრე დააკომპლექტა. უკვე დიდად განშტოებული სამეფო საგვარეულო სეფეწულთა უმაღლეს ფენას წარმოადგენდა. ამ დროს განუყოფლად ბატონობდა სამეფო ტახტის მამიდან შვილზე გადასვლის წესი. მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ ტაძრებიც, რომლებიც შემდგომ, IV საუკუნის დასაწყისში, ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით განადგურდნენ.
[რედაქტირება] კულტურული მემკვიდრეობა
ანტიკური ხანის იბერიის კულტურის შესასწავლად ძვირფასი მასალა მოგვცა მცხეთაში და მის მიდამოებში, კლდეეთში, უფლისციხეში და სხვა ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. აღმოჩნდა ოქრომჭედლობის და მხატვრული ხელოსნობის ბევრი შესანიშნავი ძეგლი, დიდძალი კერამიკის და ლითონის ინვენტარი, მოზაიკისა და სკულპტურის ნიმუშები. ნაპოვნია ბერძნული და რამეული წარწერები, აღმოჩნდა არქიტექტურის ძეგლები - სასახლეებისა და ტაძრების, აბანოებისა და საწარმოო კერების ნაშთები, დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა. იბერიის კულტურა უცხო (ბერძნულ-რომაული, ირანული და სხვა) ელემენტებთან ერთად შეიცავს მძლავრ ორიგინალურ ნაკადს.