თიანეთის რაიონი
ვიკიპედიიდან
თიანეთის რაიონი - ადმინისტრაციული რაიონი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან - თიანეთის მაზრაში, 1924-დან - დუშეთის მაზრაში, 1929-დან ტფილისის მაზრაში, 1930 წლიდან თფილისის ოლქის ერწო-თიანეთის რაიონში, 1932-დან ცალკე რაიონია.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და გაშლილია მდ. ივრის ზემო დინებაში სათავიდან სოფ. ბოჭორმამდე. იგი მოქცეულია ქართლისა და კახეთის ქედებს შორის. ტერიტორია - 906 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 350 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე გამავალი მთავარი მდინარეა იორი. მის ბაზაზე აგებულია სიონის წყალსაცავი, რომელიც ასაზრდოებს ზემო სამგორის სარწყავ სისტემას და თბილისის ზღვას.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 14 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 16 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 82 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 80 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- დაბის საკრებულო - 2: თიანეთი, სიონი;
- თემის საკრებულო - 10: არტნის, ახალსოფლის, ზარიძეების, ნაქალაქარის, ჟებოტას, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩეკურაანთგორის, ხევსურთსოფლის.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მარცვლეული და საკვები კულტურების მოყვანას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მუშაობს მცირე სიმძლავრის სიონის ჰესი. თიანეთი და სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 18 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი: თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მ.გელოვანის სახლ-მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
ისტორიული ძეგლები: ცხრაკარის კომპლექსი (ციხე-დარბაზი და სასახლე), ოჩანის ციხე, უძველესი ქალაქის ჟალეთის ნანგრევები.
მცხეთა-მთიანეთის მხარე | |
ახალგორის რაიონი | დუშეთის რაიონი | თიანეთის რაიონი | მცხეთის რაიონი | ყაზბეგის რაიონი |