თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების უმთავრესი კერაა. აქ თავმოყრილია საქართველოს სამედიცინო პედაგოგიური და და სამეცნიერო კადრების საუკეთესო ნაწილი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (წარსულში ინსტიტუტი), დასაბამს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან იღებს. უნივერსიტეტის სათავეში ქართული საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეები იდგნენ: ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ცხვედაძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე და სხვა ადამიანი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
1918 წლის 27 თებერვალს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადასტურა სამკურნალო ფაკულტეტის შექმნის აუცილებლობა. 17 ივნისს იმავე საბჭომ "ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” თავმჯდომარის სპირიდონ ვირსალაძის ხელმძღვანელობით, მიიღო გადაწყვეტილება, რათა სექტემბრის თვეში გახსნილიყო საბუნებისმეტყველო-სამკურნალო და მათემატიკური ფაკულტეტი. 1919 წლის 9 აპრილს უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მანამდე ერთად არსებული საბუნებისმეტყველო-სამკურნალო და მათემატიკური ფაკულტეტი ცალკე ფაკულტეტებად გაიყო.
წლების მანძილზე პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობის ზრდისა და მათი პროფესიონალიზმის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა სამკურნალო ფაკულტეტის გარდაქმნა დამოუკიდებელ ერთეულად და მისი ჩამოყალიბება ინსტიტუტად. 1930 წლის 10 ივნისს განხორციელდა თბილისის უნივერსიტეტის რეორგანიზება და გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1992 წელს კი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტონომიური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო და ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად.
[რედაქტირება] ორგანიზაცია
დღეისათვის, თსსუ-ში შემდეგი ფაკულტეტებია: სამკურნალო (ქართული, რუსული, ინგლისური სექტორები) პედიატრიული, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის, სტომატოლოგიური, ფარმაცევტული, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის, უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენები).
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 53 კათედრა და 2 კურსია. უნივერსიტეტში მუშაობს 1009 თანამშრომელი, რომელთაგან 557 პროფესორ-მასწავლებელია, 250 დამხმარე პერსონალი, 202 ადმინისტრაციის თანამშრომელი.
უნივერსიტეტში სწავლობს 4094 სტუდენტი. აქედან ფასიანი სწავლების სექტორზე 1965 სტუდენტია.
სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამედიცინო კოლეჯი და მისი ქუთაისის ფილიალი, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ქუთაისი), სამეცნიერო ბიბლიოთეკა, , პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ფარმაცევტთა (პროვიზორთა) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, მუზეუმი, რამდენიმე კაბინეტი, კულტურის ცენტრი და სტუდიები.
თსსუ-ის გამგებლობაშია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასწავლო და სამეცნიერო მუშაობისათვის, სამედიცინო ქალაქის 3 კორპუსი, ფარმაცევტული კორპუსი ცალკე შენობით, სამკურნალწამლო ნივთიერებების წარმოებისათვის, ადმინისტრაციული და ს/კ ინსტიტუტის შენობა, საუნივერსიტეტო ცენტრალური კლინიკა, №1 საუნივერსიტეტო კლინიკა 160 საწოლზე, №2 პედიატრიული კლინიკა 710 საწოლზე, სტომატოლოგიური კლინიკა, ბავშვთა ორი სტომატოლოგიური კლინიკა.
უნივერსიტეტის კათედრები განთავსებულია ქალაქის სხვადასხვა კლინიკების ბაზაზე. თსსუ-ს აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი 250 ადგილზე, მცირე სტამბა, სპორტული კომპლექსი, ფეხბურთის სტადიონი 2 მინდვრით, 2 სპორტული დარბაზით, ჩოგბურთის ღია და დახურული კორტი, მოედანი სამხედრო წვრთვნისათვის და სასროლეთი, ექსპერიმენტულ ცხოველთა სანაშენო მეურნეობის და კლინიკის შენობა, ფარმაცევტული ფაკულტეტის საცდელი ბოტანიკური ბაღი.
[რედაქტირება] პარტნიორები
[რედაქტირება] ხელშეკრულებები სხვა უნივერსიტეტებთან:
- ავსტრია – გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი; ვენის სამედიცინო უნივერსიტეტი
- აზერბაიჯანი – აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- აშშ – სკრენტონის უნივერსიტეტი
- ბელგია – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბრუსელი); ლიეჟის უნივერსიტეტი
- ბულგარეთი – სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი; ვარნის სამედიცინო უნივერსიტეტი
- გერმანია – ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი (იენა)
- ესპანეთი – ბარსელონას უნივერსიტეტი
- ინგლისი – გლაზგოს უნივერსიტეტი
- ლიტვა – კლაიპედეს უნივერსიტეტი (კლაიპედა)
- რუმინეთი – სიბიუს უნივერსიტეტი (სიბიუ)
- საფრანგეთი – მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი ექს მარსელი II (მარსელი); ტულუზის პედიატრიული კლინიკა (ტულუზა); რენე-დეკარტეს უნივერსიტეტი პარი - 5; ნანტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი
- სომხეთი – ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტი.
- უკრაინა - დონეცკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან
- თურქეთი - ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი
[რედაქტირება] საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრი:
- უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაცია (IAU)
- ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA)
- საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაცია (EAIE)
- ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE)
- ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (EMSA)
[რედაქტირება] თანამშრომლობა ორგანიზაციებთან:
- სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME)
- იუნესკო (UNESCO)
- უცხოელ მედიკოს კურსდამთავრებულთა განათლების კომისია (ECFMG)
- შვაიცერის მსოფლიო აკადემია (SWA)
- მშვიდობისათვის მლოცველთა მსოფლიო საზოგადოება (WPPS)
- განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი
თსსუ-ის დიპლომი აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის ცენტრის, უცხოელ მედიკოს კურსდამთავრებულთა განათლების კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რაც უნივერსიტეტს საერთაშორისო სტატუსს ანიჭებს.
2005 წლის 16 სექტემბერს თსსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ა. თელიამ ბოლონიაში ხელი მოაწერა უნივერსიტეტების დიდ ქარტიას. რის შედეგადაც თსსუ შეუერთდა ბოლონიის პროცესს და გახდა უნივერსიტეტების დიდი ქარტიის წევრი. (MAGNA CHARTA UNIVERSITATUM)
[რედაქტირება] საზოგადოებრივი/სამეცნიერო საქმიანობა
თსსუ რეგულარულად გამოსცემს საერთაშორისო მნიშვნელობის ჟურნალს და სამეცნიერო შრომათა კრებულებს. სახელმძღვანელოების და სამეცნიერო მონოგრაფიების გამოცემის სტიმულაციის და ხელშეწყობის მიზნით შექმნილია საუნივერსიტეტო საგამომცემლო კომისია, რომელიც ფინანსურ და პოლიგრაფიულ დახმარებას უწევს ავტორებს.
თსსუ-ს აქვს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი სამეცნიერო კონტაქტები, ატარებს საერთაშორისო ფორუმებს, პროგრამულ-გრანტული პრინციპით აფინანსებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
უნივერსიტეტში არსებობს უცხოელ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საპატიო დოქტორად არჩევის ტრადიცია.
უნივერსიტეტში ფართოდაა გაშლილი სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა. ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა შემაჯამებელი სამეცნიერო კონფერენციები.
უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის ბაზაზე შექმნილია სახალხო ანსამბლი “ქართული ფოლკლორი”, პლასტიკისა და მიმიკის თეატრი “იმპრო”, და დრამატული თეატრი “ჰიგია”. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი - ”კოზა- ნოსტრა”.
აღსანიშნავია თსსუ-ის სტუდენტთა სპორტული მიღწევები. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ასპარეზობებში საქართველოსა თუ უცხოეთში.