ბალაბუევი, ანატოლი
ვიკიპედიიდან
ბალაბუევი, ანატოლი გიორგის ძე (* 21 ივნისი, 3 ივლისი, 1889, სოფ. მანგლისი, თბილისის მაზრა, ახლანდელი დაბა მანგლისი, თეთრი წყაროს რაიონი ― † 19 ივნისი, 1980, თბილისი), წარმოშობით რუსი ქართველი გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1933), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). 1914 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1915-1916 მუშაობდა თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე. 1916-1918 იყო სამხედრო სამსახურში, შემდეგ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სხვადასხვა სასწავლებელსა და სამეცნიერო დაწესებულებებში. 1938-იდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა გამოკვლევებს ატმოსფერული ფიზიკის დარგში. ბალაბუევის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება ატმოსფერული ფიზიკისა და კლიმატოლოგიას. დაამუშავა ამიერკავკასიის ჰავის გენეზისის საკითხები. ამიერკავკასიის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი გამოკვლევები ცალკეულ მეტეოროლოგიური მოვლენათა შესახებ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.