ბაკურ III
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბაკურ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბაკურ |
ბაკურ III, მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, ქართლის 31-ე მეფე, ძე თრდატ მეფისა. "ქართლის ცხოვრების" მეფეთა სიაში გამოტოვებულია. ბაკურ III-ს იხსენიებენ სომეხი ისტორიკოსები კორიუნი და მოვსეს ხორენაცი. ბაკურ დიდის სახელით იხსენიებს ბიზანტიის საეკლესიო ისტორიკოსი იოანე რუფინუსი (V საუკუნე) "პეტრე იბერის ცხოვრებაში", როგორც პეტრეს პაპას დედის მხრივ. დასახელებული წყაროების ურთიერთშეპირისპირებით, ბაკურ III მეფობდა ძირითადად 410-იან წლებში. ზემოხსენებული სომეხი ისტორიკოსების თანახმად, ბაკურ მეფის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა, ხოლო რუფინუსის თხზულებაში ის დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ. როგორც მკვლევრები მიუთითებენ, არც ერთი ეს ცნობა არ შეეფერება სინამდვილეს. ზოგიერთი მკვლევარი ბაკურ III-ს აიგივებს ბერძნულ-რომაულ სამყაროში ცნობილ ბაკურ იბერიელთან. ბაკურ III-ის დროს ქართლი ირანზე იყო პოლიტიკურად დამოკიდებული და თვით ბაკურ III ამის გამო ირანის ჯარების ერთ-ერთ სარდლად ითვლებოდა. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მას მიაწერს ბოლნისის სიონის აშენებას და არმაზის ციხის განახლებას.