ვერაძანოს ხიდი
ვიკიპედიიდან
ვერაძანო-ნეროუს ხიდი, ან მოკლედ ვერაძანოს ხიდი (Verrazano-Narrows Bridge) ორსართულიანი დაკიდული ხიდია, რომელიც სტეიტენ აილენდს ბრუკლინთან აერთებს ქალაქ ნიუ-იორკში ნეროუს სრუტესთან. ხიდს სახელი იტალიერლი მკვლევარის ჯოვანი და ვერაძანოს პატივსაცემად დაერქვა, პირველი დღეისთვის ცნობილი ევროპელი ნავიგატორის, რომელიც ნიუ-იორკის ყურეში და მდ. ჰუძონზე შემოვიდა. ხიდის ცენტრალური გაშლა 1.298 მ-ია და მსოფლიოში უდიდესი დაკიდული ხიდი იყო მისი მშენებლობის დასრულებიდან 1964 წელს 1981-მდე. ამჟამად მსოფლიოში სიგრძით მეშვიდეა ამ პარამეტრით, თუმცა აშშ-ში კვლავაც რჩება როგორც ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი. მისი მასიური საყრდენი კოშკები ნიუ-იორკის მეტროპოლიის მრავალი ნაწილიდან ჩანს, მათ შორის ქალაქის ხუთივე საგრაფოდან. ხიდი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია ადგილობრივი და რეგიონალური ჩქაროსნული გზატკეცილების სისტემის. მასზე ყოველწლიურად ნიუ-იორკ სიტის მარათონი ეწყობა, ხოლო ნიუ-იორკსა თუ ნიუ-ჯერსიში მომავალი ყველა კრუიზისა თუ სატვირთო გემი მის ქვეშ გადის. ადგილობრივი მცხოვრებლები მას უბრალოდ "ვერაძანოს" უწოდებენ.