აბედა სოკოები
ვიკიპედიიდან
აბედა სოკოები, აბედოვანნი (Polyporaceae), ბაზიდიუმიანი სოკოების ფართოდ გავრცელებული ოჯახი. აერთიანებს 1500-მდე სახეობას. აქვს მრავალნაირი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ნაყოფსხეულები (ფირფიტისებრი, ქოლგისებრი, ჩლიქისებრი, მარაოსებრი და სხვა). მისი ჰიმენოფორი (სანაყოფო შრე) უმეტესად მილისებრია. მრავლდება სპორებით. იზრდება როგორც ცოცხალ, ისე გამხმარ ხეზე, ხის ნარჩენებზე. იწვევს ფესვისა და ღეროს ლპობას, შლის მოჭრილი ხის მერქანსაც, დიდ ზიანს აყენებს სატყეო მეურნეობას. მრავალწლოვანი აბედა სოკოებიდან მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს ცრუ აბედას (Phellinus igniarius) - აზიანებს ფპთლოვან ჯიშებს, ზოგჯერ წიწვოვანსაც. პარაზიტობს ძირითადად მურყანზე, ტირიფზე, არყსა და მუხაზე. ნამდვილ აბედას (Fomes fomentarius) - აზიანებს ძირითადად სასუსტებულ ფოთლოვნებს (არყს, მურყანს, მუხას, თუთას, განსაკუთრებით წიფელს). ძველად მისგან აბედს ამზადებდნენ. ერთწლოვანი აბედა სოკოებიდან აღსანიშნავია ძერანა (Polyporus squamosus) - პარაზიტობს თელასა და წიფელზე, ნორჩს საჭმელადაც ხმარობენ. ამ ოჯახის ზოგიერთი სახეობა, თუ ფართოდ გავრცელდა, დიდ ზიანს აყენებს ხეხილსაც.