ჰაქსლი, ტომას ჰენრი
ვიკიპედიიდან
ჰაქსლი, ტომას ჰენრი (* 4 მაისი, 1825, ილინგი, ლონდონის მახლობლად ― † 29 ივნისი, 1895, ისტბორნი, სასექსი), ინგლისელი ბუნებისმეტყველი, ჩ. დარვინის მეგობარი და მისი მოძღვრების პოპულარიზატორი. 1846-1850 მონაწილეობდა ექსპედიციაში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ახალ გვინეაზე; 1854-1895 სამეფო სამთო სკოლის პროფესორი. 1871-1880 ლონდონის სამეფო საზოგადოების მდივანი. 1883-1885 - პრეზიდენტი. მისი გამოკვლევები ეხება პალეონტოლოგიის, ანთროპოლოგიის, ევოლუციური თეორიის, ზოოლოგიისა და შედარებითი ანატომიის საკითხებს. დაამტკიცა ნათესაური კავშირი მედუზებსა და პოლიპებს შორის (1849), განავითარა და დაამტკიცა დებულება ხერხემლიანი ცხოველების ქალას ერთიანი აგებულების შესახებ, დაამტკიცა ფრინველების წარმოშობა ქვეწარმვლებისაგან. ჰაქსლი ავითარებდა არასწორ შეხედულებას იმის შესახებ , რომ ორგანული სამყაროს ჯგუფების უმეტესობა არ განიცდის პროგრესს, მაგრამ ჩ. დარვინის წიგნის ("სახეობათა წარმოშობა", 1859) გამოსვლის შემდეგ, დამაჯერებლად ასაბუთებდა, რომ ადამიანი ცხოველური წარმოშობისაა. იგი მტკიცედ იცავდა დარვინიზმს კლერიკალების თავდასხმებისაგან.