ჰანი, ოტო
ვიკიპედიიდან
ჰანი, ოტო (* 8 მარტი, 1879, მაინის ფრანკფურტი ― † 28 ივლისი, 1968, გეტინგენი), გერმანელი ქიმიკოსი. სწავლობდა მარბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში, 1919-1934 პროფესორი ბერლინში. 1912-იდან მუშაობდა იმპერატორ ვილჰელმის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში (ბერლინში), სადაც 1938-მდე ლ. მაიტნერთან ერთად ჩაატარა გამოკვლევა (1928-იდან ამ ინსტიტუტის დირექტორი). 1946-1960 - მ. პლანკის საზოგადოების პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 1960-იდან - საპატიო პრეზიდენტი. ჰანის ძირითადი შრომები ეძღვნება რადიოაქტიურობის გამოკვლევას. აღმოაჩინა მრავალი იზოტოპი და ახალი რადიოაქტიური ელემენტი პროტაქტინიუმი (ლ. მაიტნერთან ერთად). პირველმა აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტების ბირთვული იზომერიის მოვლენა (1921) და ფ. შტრასმანთან ერთად (1938) ურანის ბირთვის გაყოფა ნეიტრონების მოქმედებით (ბირთვული რეაქციები). ნობელის პრემია (1944). მსოფლიოს მრავალი აკადემიის წევრი.