ხევი (მხარე)
ვიკიპედიიდან
ხევი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხევსურეთი, სამხრეთით - მთიულეთი, ჩრდილოეთით - ოსეთი, დასავლეთით - შიდა ქართლის მთიანეთი.
ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხის მყინვარში. ხევის მთელი ტერიტორია მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის რაიონში შედის. მხარის ცენტრია დაბა სტეფანწმინდა.
ხევი იგივეა, რაც ადრინდელი შუა საუკუნის წანარეთი. მატიანეში "მოქცევაჲ ქართლისაჲ" (IX ს.) VI საუკუნის მოვნების თხრობასთან დაკავშირებით მოხსენებულია "ხევი წინარეთისა". შემდგომში სახელმწიფო "წინარეთი" ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და ზოგადი სახელი ხევი იქცა მხარის საკუთარ სახელად. ერთდროულად წანარების სატომო სახელის ნაცვლად ჩნდება ტერმინი "მოხევე". დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მ. შ. საქართველოს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან (საქართველოს სამხედრო გზა, დარიალის ხეობა). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როცა იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა (XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან 1743 წლამდე, არაგვის საერისთავოს გაუქმებამდე).
XVIII საუკუნეში ხევი იყოფოდა სტეფანწინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად. მთიულეთის 1804 აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ხევში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფ. ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა.