ცივილიზაცია
ვიკიპედიიდან
ცივილიზაცია ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-ისტორიულ კატეგორიაა, განსაკუთრებით დღეს, როცა ყურადღება ხალხებიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში გაიაზრება. ო. ანდერლეს სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების შესწავლა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვეუფლება იმის გამო, რომ ვიცით “სულ უფრო მეტი სულ უფრო ნაკლების შესახებ”, საკმაოდ ვიცით რა “ხეების” შესახებ, ცოტა რამ თუ ვიცით “ტყეზე”.
იზრდება ინტერესი ლოკალური ცივილიზაციებისადმი, რომელთა ურთიერთობა არსებით გავლენას ახდენს მსოფლიო ისტორიულ პროცესზე. ინტერესის ზრდა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, “ცივილიზაციათა შეჯახების” მოლოდინთან, მისი საფრთხის გაცნობიერებასთან, მეორე მხრივ - სწორხაზობრივი ცივილიზაციური მოდელების, მათ შორის, მარქსისტული ფორმაციული თეორიის კრიტიკასთან.
ამდენად, ცივილიზაციის ფენომენისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია როგორც წმინდა აკადემიური, ასევე პრაქტიკული ინტერესით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ცივილიზაციის ცნების განვითარება
ტერმინ “ცივილიზაციის” დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა “civiliser” – “to civilize” და ზმნიზედა “civilized” შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
იმ დროს, როცა წარმოიშვა ტერმინი “ცივილიზაცია”, ადამიანთა საზოგადოების ისტორიის შემეცნება ემყარებოდა წარმოდგენას ერთიან და ერთგვაროვან საკაცობრიო ცივილიზაციაზე, და არა რელატივისტურ თვალსაზრისს ეთნიკურ ან ისტორიულად არსებულ ცივილიზაციებზე. მის საფუძვლად და სათავედ ცხადდებოდა დაგროვილი გამოცდილება, მიწის საკუთრება, ადამიანის მიჯაჭვა მიწაზე, ვაჭრობა, სიმდიდრის დაგროვება ან რომელიმე სხვა ფაქტორი, პირველ რიგში – ადამიანის გონების სრულყოფა. ცივილიზაციის მახასიათებლებსა და სათავეებზე კამათობდნენ, ხანდახან – ცხარედაც, მაგრამ შეხედულება ცივილიზაციაზე, როგორც საერთო-საკაცობრიო ფენომენსა და კაცობრიობის საერთო მომავალზე, ეჭვს არ იწვევდა.
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ა. ფერგიუსონმა (1723-1816) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად.
XIX საუკუნის დასაწყისში ისტორიის მონისტური ინტერპრეტაცია პლურალისტურმა შეცვალა. ლ. ფევრის თანახმად, სიტყვა “ცივილიზაცია” პირველად მრავლობით რიცხვში 1819 წელს იქნა გამოყენებული, რაც ცივილიზაციური წყობის მრავალფეროვნების აღიარების დასაწყისი იყო. “მოგზაურობათა ეპოქაში” დაგროვილმა მასალამ ცხადყო კულტურათა და ცივილიზაციათა მრავალსახეობა მსოფლიოში, აგრეთვე მათი განვითარების სასრულობა. ლ.ფევრის მოხდენილი ნათქვამით, “ადამიანებმა, რომლებმაც გამოიარეს რევოლუცია და იმპერია, გაიგეს ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ მათ წინაპრებს; მათ გაიგეს, თანაც არა წიგნებიდან, რომ ცივილიზაცია შეიძლება მოკვდეს”. მოგვიანებით ჟ. ა. დე გობინო წერდა: “ცივილიზაციათა დაცემა ისტორიულ ფენომენთაგან ყველაზე უცნაური და, ამავე დროს, იდუმალებით მოცული რამაა”.
მოგზაურთა, ლინგვისტთა, მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით, ცნება “ცივილიზაციის” შინაარსი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. რესტავრაციის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ცივილიზაციის მეტ-ნაკლებად მწყობრ თეორიებს.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით ჩამოყალიბდა ცივილიზაციის რაობის რადიკალურად განსხვავებული გაგება, რომლის თანახმად, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის მრავალფეროვნება ადასტურებს ცივილიზაციის ფორმათა მრავალგვარობას; არ არსებობს საერთო საკაცობრიო ცივილიზაცია, როგორც განვითარების უმაღლესი საფეხური, რომელსაც კაცობრიობის ერთმა ნაწილმა მიაღწია, მეორე კი მისკენ მიემართება. კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილი განვითარების სხვადასხვა გზას გადის და არავითარი საერთო, საყოველთაო ხაზი აქ არ არსებობს. საფუძველი ჩაეყარა ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიებს, რომელთა წარმომადგენლები არ იზიარებენ კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეას. ეს თეორიები წარმოადგენდა სავსებით ლოგიკურ რეაქციას ევოლუციონიზმსა და ევროპოცენტრიზმზე, თუმცა ამ უკანასკნელთ, ცხადია, არსებობა არ შეუწყვეტიათ; შემდგომში ევოლუციონიზმისა და, განსაკუთრებით, ნეოევოლუციონიზმის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო არგუმენტით სცადეს თავიანთი თვალსაზრისის განმტკიცება, ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიების თანამედროვე ვერსიები კი მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის სახით ჩამოყალიბდა.
[რედაქტირება] ცივილიზაციის ცნების ინტერპრეტაციები
დღეს საუბარი შეიძლება ცივილიზაციის ცნების სამ ძირითად ინტერპრეტაციაზე:
1) ლოკალურ-ისტორიული (ნ. დანილევსკი, ო. შპენგლერი, ა.ტოინბი, ს.ჰანთინგტონი და სხვ.). დასახელებული მკვლევარები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება.
2) ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ, წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს; ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურ ცივილიზაციებს და სხვ. გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “შუბის ცივილიზაცია”, “მშვილდ-ისრის ცივილიზაცია” და ა.შ.
3) მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, ლოკალურ ცივილიზაციათა ურთიერთობის გარკვეულ საფეხურზე ჩნდება მსოფლიო ისტორიის ფენომენი. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში თავსდება ცივილიზაციის გაგება როგორც კაცობრიობის ისტორიული განვითარების საფეხურისა, რომელიც მოსდევს ველურობისა და ბარბაროსობის საფეხურებს (ლ.ჰ.მორგანი, ფ.ენგელსი); საკაცობრიო ცივილიზაციის სამი ტალღის (აგრარული, ინდუსტრიული და ინფორმაციული) კონცეფცია (უ. როსტოუ, დ. ბელი, ო. ტოფლერი); აგრეთვე კაცობრიობის ისტორიული განვითარების სქემები, შემუშავებული კ. იასპერსისა და შ. იტოს მიერ.
[რედაქტირება] რა არის ცივილიზაცია? მისი კვლევა
ცივილიზაციის განსაზღვრის სირთულე რამდენიმე მომენტითაა განპირობებული. ჯერ ერთი, რთულია თავად ცივილიზაციის შემადგენლობა. თითოეულ მათგანში მიმდინარეობს დაძაბული შინაგანი ბრძოლა ბუნებრივი და ადამიანური რესურსებისათვის, ჰეგემონიისათვის იდეოლოგიისა და რელიგიის სფეროში. ამასთან, ამ ბრძოლაში ცალკეული ჯგუფები თუ კოალიციები ეძებენ გარეშე მხარდაჭერას ცივილიზაციელ თანამოძმეთა წინააღმდეგ. ამის მაგალითს იძლევა XX საუკუნის არაბულ-მუსლიმური ცივილიზაციის ისტორია.
გარდა ამისა, ცივილიზაციას შინაგანი დინამიკურობა ახასიათებს. ძველი თავისებურებანი ქრება, ჩნდება ახალი. თავს იჩენს გარედან მოსული და შინაგანი იმპულსების, რაციონალიზმისა და ტრადიციონალიზმის ურთიერთქმედების რთული პროცესი. იცვლება ცივილიზაციათა საზღვრები. ისიც უნდა ითქვას, რომ ოიკუმენა არ იყოფა ცივილიზაციებად ნაშთის გარეშე. იგი მოიცავს ცივილიზაციის მიღმა, ცივილიზაციათაშორის და ცივილიზაციათა თანხვედრის არეალებსაც.
როგორც ჩანს, ამ სირთულეებითაა განპირობებული სკეპტიკური დამოკიდებულება ცივილიზაციის კონცეფციებისადმი. ამერიკელი ისტორიკოსი ჰ. მორგენთაუ აღნიშნავდა, რომ ეს კონცეფციები მოკლებულია ემპირიულ მკაფიობას, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ უპირატესობა ენიჭება ისტორიის კვლევას უფრო პოლიტიკური და გეოგრაფიული, ვიდრე ცივილიზაციური თვალსაზრისით, რადგან ისინი უფრო ექვემდებარება ემპირიულ შემოწმებას, ვიდრე ცივილიზაცია. ფრანგი სოციოლოგი რ. არონი უფრო შორსაც მიდიოდა და წერდა: პრობლემის არსი ისაა, რომ შეუძლებელია ვუპასუხოთ კითხვას - არსებობს თუ არა ცივილიზაცია როგორც ისტორიული რეალობა, თუ იგი ისტორიულ ქიმერად უნდა მივიჩნიოთო.
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ინტერესი ცივილიზაციური პრობლემატიკისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ ცივილიზაციური თეორიის საჭიროება ეჭვქვეშ ნაკლებად დგება.