შმერლინგი, ოსკარ
ვიკიპედიიდან
შმერლინგი, ოსკარ ივანეს ძე ( * 1 ივლისი/13 ივლისი, 1863, თბილისში ― † 2 იანვარი, 1938, იქვე) გერმანელი წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884-იდან), მიუნხენში (1891-92). 1893 თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902-1918). 1921-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1901-იდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში. თანამშრომლობდა ჟურნალ "ეშმაკის მათრახში", "ტარტაროზში" და სხვ. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის ( ი. გოგებაშვილის "დედა ენა", გრავირებულია გ. ტატიშვილის მიერ; "თავდადებულნი ქართველნი", 1895; "იავნანამ რა ჰქმნა", 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვ.). 1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი ("მეზურნეები", "ორი ქალაქელი", კერძო კუთვნილება) და სხვ.