სიონი (ტაძარი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "სიონი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: სიონი |
სიონი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი.
ისტორიული ცნობების თანახმად, ქართლის ერისმთავრებს VI საუკუნის II ნახევარში დაუწყიათ საეპისკოპოსო კათედრალის - დიდი ეკლესიის ანუ სიონის მშენებლობა. ტაძარი მრავალჯერ დაურბევია და დაუნგრევია მტერს, მრავალჯერ აღუდგენიათ და გადაუკეთებიათ, რაზედაც მეტყველებს მის კედლებზე დაცული წარწერები. ერთ-ერთი მათგანიდან ვგებულობთ, რომ თბილელ ეპისკოპოსს ელისე საგინაშვილს 1657 ხელმეორედ აუშენებია სიონის გუმბათი, მოუხატვინებია და მოურთავს კარიბჭე. მეორე, 1710 წარწერა ვახტანგ VI-ს ეკუთვნის და ისიც ტაძრის განახლებაზე მოგვითხრობს. სიონი განსაკუთრებით დაზიანდა 1795, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. XIX საუკუნის დამდეგისათვის ტაძარი საფუძვლიანად არადგინეს, ხოლო იმავე საუკუნის შუა წლებში ხელახლა მოიხატა რუსი მხატვრის გ. გაგარინის ესკიზების მიხედვით.