როსტომ გურიელი
ვიკიპედიიდან
როსტომ გურიელი, გურიის მთავარი 1534-1566, მამია I გურიელის ძე. აქტიურად იბრძოდა თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ, მონაწილეობდა მურჯახეთის (1535), ქარაღაქის (1543) და სოხოისტის (1545) ბრძოლებში. მურჯახეთის ბრძოლაში დახმარებისათვის იმერეთის მეფემ უბოძა სამცხის სამთავროს ნაწილი - აჭარა და ჭანეთი. როსტომ გურიელის საქმიანობით განრისხებულმა თურქებმა გურიაზე გაილაშქრეს. 1547 თურქთა ფლოტი გურიის სანაპიროს მიადგა, თურქებმა გონიოსა და ბათუმის მხარეები დაიკავეს. როსტომ გურიელმა დახმარება იმერეთის მეფისა და დადიანს სთხოვა. იმერეთის მეფის ინტრიგის გამო როსტომ გურიელი მტერს მარტო შეებრძოლა, დაამარცხა და მდინარე ჭოროხის გაღმა განდევნა. თურქებმა აჭარა და ჭანეთი მაინც შეინარჩუნეს, გონიოს ციხე გაამაგრეს და თავიანთ ფორპოსტად აქციეს. მომდევნო ხანებში როსტომ გურიელი თურქებთან ბრძოლას განაგრძობდა და არც იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა.