ნიკოლოზ თბილელი
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ თბილელი (* 1672, სოფ. ტანძია ― † 1732, მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, მწერალი.
დაიბადა ქართლის მდივანბეგის ვახტანგ ორბელიანის ოჯახში. მალე ჩაება პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე. 1715 მიიღო რუისის ეპარქია. 1724-იდან რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. 1726 მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა.
ნიკოლოზ თბილელი ეწეოდა მრავალმხრივ (დოგმატიკა, ლიტურგიკა, პოეზია, ასტრონომია და სხვა) კულტურულ-ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი რედაქტირებულია არჩილ II-ის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას თხზულება "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა".
ნიკოლოზ თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იგი იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1709), სამოციქულო (1709), ლოცვანი (1710) და სხვა.