მოემი, უილიამ სომერსეტ
ვიკიპედიიდან
უილიამ სომერსეტ მოემი (ინგლ. William Somerset Maugham [ˈsʌməsɪt mɔːm]) (* 25 იანვარი, 1874, პარიზი, საფრანგეთი ― † 16 დეკემბერი, 1965, ნიცა) - ინგლისელი დრამატურგი, მწერალი, ნოველისტი, 1930-იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ავტორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბავშვობა და განათლება
მოემი დაიბადა საფრანგეთში მცხოვრებ ინგლისელთა ოჯახში, რომელთაც იზრუნეს იმაზე, რომ შვილი პარიზში ბრიტანეთის საელჩოს ტერიტორიაზე გაჩენილიყო, რათა ლეგალურად, გეოგრაფიისდა მიუხედავად, ის ბრიტანეთში დაბადებულიყო. მამამისი, საელჩოს თანამშრომელი, დაბალი და საკმაოდ შეუხედავი იყო, დედა კი - განთქმული ლამაზმანი. მოემისთვის საუბედუროდ მას მამის სიმაღლე და შესახედაობა დაჰყვა, რაც მის ცხოვრებისეულ უბედურებათა სერიაში მხოლოდ პირველი იყო. ამ უბედურებათაგან ყველაზე საშინელი მისთვის დედის დაკარგვა იყო რვა წლის ასაკში, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მას დედის სურათი სასთუმალთან ედო და უკვე მოხუცებულობის ჟამს უთქვამს კიდეც, რომ ამ ფაქტს ვერასდროს გადაიტანდა.
1886 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ მოემს საცხოვრებლად ინგლისში აგზავნიან, (ქვეყანა, რომლის ენას, ინგლისურად აღზრდის მიუხედავად, ის ვერ ფლობდა) ბიძასთან, რომელიც ვიტსტაბლის ვიკარი იყო და, რომელსაც ის ემოციურად ცივ და უნდობელ ადამიანად მიიჩნევდა. ბიჭს, რომელსაც მანამდე ფრანგულში მეტყველების არანაირ დეფექტი არ შეემჩნეოდა, უეცრად ენაბლუობა დასჩემდა, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე გაყჰვა. მოემი შინ და კინგის სკოლაშიც, სენტენბერში, საკუთარი სიდაბლისა და ენაბლუობის გამო საშინლად იჩაგრებოდა. თუმცა აქ მან სწრაფად განივითარა სხარტი ენამწარეობის ტალანტი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აზრის გამოთქმა საკმაოდ უჭირდა.
თექვსმეტი წლის ასაკში მას ნება დართეს გერმანიაში გამგზავრებულიყო, სადაც ის ლიტერატურასა და ფილოსოფიას სწავლობს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. აქვე ხვდება ის თავის პირველ ჰომოსექსუალ პარტნიორს. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ის ლონდონში მედიცინას სწავლობს და კვალიფიკაციას სენტ-ტომასის ჰოსპიტალში გადის 1897 წელს. ამ პერიოდში წერს თავის პირველ რომანს, "ლიზა ლამბერტელი", რომელშიც ისტ-ენდის ღატაკ უბანში სამედიცინო სტუდენტის საკუთარ გამოცდილებას აღწერს.