კორიოლანუსი, გნეუს მარციუს
ვიკიპედიიდან
კორიოლანუსი, გნეუს მარციუს, ძველი რომაული ტრადიციით, პატრიცი და მხედართმთავარი. ძვ. წ. 493 წელს რომაელებმა მისი სარდლობით აიღეს ქალაქი კორიოლი (აქედან ზედწოდება "კორიოლანუს"). პლებეებისადმი მტრული დამოკიდებულებისათვის მას ბრძოლა გამოუცხადეს სახელმწიფო ტრიბუნებმა. რომიდან გაიქცა ვოლსკებთან, სათავეში ჩაუდგა მათ ლაშქარს და რომს ალყა შემოარტყა. რომის მესვეურებმა სცადეს მასთან დაზავება, მაგრამ კორიოლანუსმა არ ისურვა. მხოლოდ დედისა და ცოლის თხოვნით მოხსნა რომს ალყა. ვოლსკებმა ეს ღალატად ჩაუთვალეს და მოკლეს. სხვა ვერსიით, ღრმა სიბერემდე იცოცხლა და ბოლომდე ლტოლვილი დარჩა. ლეგენდა კორიოლანუსის შესახებ სიუჟეტად გამოიყენა უილიამ შექსპირმა ("კორიოლანუსი") და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა ამავე სახელწოდების უვერტიურა შექმნა.