იეთიმ გურჯი
ვიკიპედიიდან
იეთიმ გურჯი (ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი) (*1875, თბილისი ― †15 ივლისი, 1940, იქვე), ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
1905-1907 წლებში იეთიმ გურჯი ბაქოს ნავთის სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა.
1895 წლიდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. პირველი წიგნი - პოემა "ანაბაჯის ლექსი" - 1909 გამოვიდა, ლექსთა კრებული "ახალი მგოსანი და სიმღერები" - 1911, "იეთიმის ახალი ლექსები" - 1913, "ტანგო" - 1914 და სხვა. 1928 წელს იოსებ გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ანდრო თევზაძემ გამოსცეს პოეტის "რჩეული ლექსები".
იეთიმ გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა კიდეც. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური ბოჰემა.