თელ-ავივი
ვიკიპედიიდან
თელ-ავივი (ებრ. תל-אביב, პირდაპირი მნიშვნელობით: "თელ"- ბორცვი, "ავივ"- გაზაფხული) - ქალაქი ისრაელის ხმელთაშუაზღვისპირეთის ცენტრში, ზღვის დონიდან 30 მეტრის სიმაღლეზე. მოსახლეობა: 365,000. თელ-ავივი ამასთანავე წარმოადგენს ქვეყნის ზემოთაღნიშნულ მხარეში გეოგრაფიულად ერთმანეთზე მიბჯენილი ქალაქების გულს. თელ-ავივთან ერთად, ამ ქალაქთა კრებითი სახელია გუშ-დან (גוש-דן). გუშ-დანის ზოგიერთი ქალაქის (მაგ. ბათ-იამის, გივათაიმის, რამათ-განის, ხულონის) მცხოვრებთა რიცხვი აღემატება 100,000-ს. ამ ქალაქების მკვიდრთა მნიშვნელოვანი ნაწილი თელ-ავივში ღებულობს უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებას და იქვე მუშაობს.
[რედაქტირება] წარმოშობის ისტორია
თელ-ავივი დაარსდა 1909 წელს, როგორც არაბული საპორტო ქალაქ იაფოს ებრაული კვარტალი. იმავე წელს გაიხსნა იქ პირველი ებრაული გიმნაზია. ადგილობრივ მოსახლეობას ძლიერ ავიწროებდნენ ქვეყნის იმდროინდელი მფლობელები - ოსმალო-თურქები, რომლებმაც 1917 წელს სულაც განდევნენ ქალაქიდან ებრაელები. იმავე წელს, ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად, მთელი ისრაელის ქვეყანა (ე.წ. პალესტინა) ბრიტანეთის იმპერიის მანდატორული მფარველობის ქვეშ მოექცა. ებრაული კვარტალი აღსდგა, ხოლო 1921 წელს, არაბთა აჯანყების გამო, იაფოს ოფიციალურად გამოეყო. 1929, 1936-1939 წლებშიც იაფოელი არაბები სისტემატურად ესხმოდნენ თავს მეზობელ ებრაულ ქალაქს. 1936 წელს გაიხსნა თელ-ავივის ებრაული პორტი. 1948 წელს, ბრიტანეთის მანდატის დასრულებისთანავე, თელ-ავივში გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა და ქალაქი ახალგაზრდა სახელმწიფოს დედაქალაქად იქცა (1949 წლამდე). თელ-ავივმა უმალ განიცადა დამოუკიდებლობის ომის ქარცეცხლი: მას ხმელეთიდან იაფოსა და მეზობელი სოფლების შეიარაღებული არაბები შემოესივნენ, ხოლო ჰაერიდან იმავე დროს ქვეყანაში შემოჭრილი არაბულ სახელმწიფოთა ავიაცია დაესხა თავს რამდენჯერმე. ომში ისრაელის გამარჯვების შემდეგ თელ-ავივმა განაგრძო იმ სწრაფი ტემპით ზრდა-განვითარება, რომელიც მას ბრიტანეთის ბატონობის ქვეშაც ახასიათებდა - ის ებრაული სახელმწიფოს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. გაფართოების შედეგად, 1950 წელს თელ-ავივმა იაფოც შემოიერთა, რომლის არაბული მოსახლეობის უმრავლესობა 1948 წლის ომში დამარცხების გამო ლტოლვილად იქცა.