დოსითეოს ქუთათელი
ვიკიპედიიდან
დოსითეოს ქუთათელი (გვარად წერეთელი), (― † თებერვალი, 1820), ქართველი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, ქუთათელი მიტროპოლიტი 1781-1820 წლებში და დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი 1792-1814 წლებში. დოსითეოს ქუთათელს კათოლიკოსობა უბოძა სოლომონ II-მ, მაგრამ კურთხევა არ მომხდარა. დოსითეოსი დიდ მზრუნველობას იჩენდა ქუთაისის საეპისკოპოსო და საკათოლიკოსო ეკლესიების სამეურნეო საქმეებისადმი. მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. 1789 წელს შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა ჯგუფში, რომელთაც წინადადებით მიმართეს ერეკლე II-ს, გაეერთიანებინა და თავისი ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რასაც, სამწუხაროდ, უარით უპასუხა ერეკლე II-მ. 1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე. რუსეთში გადასახლების დროს იგი გზაში მოკლეს. დაკრძალულია ანანურში.