ბიჭვინთა
ვიკიპედიიდან
ბიჭვინთა - დაბა გაგრის რაიონის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების მქონე კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. მოსახლეობა 11,0 ათ. მცხ. (1991). ბიჭვინთა ზღვისპირა კლიმატური კურორტია; მსხვილი საკურორტო კომპლექსი აქ შეიქმნა 1959-67 წლებში (არქიტექტორი მ.პოსოხინი და სხვები). დაბის მახლობლად მდებარეობს ნაკრძალი, ბიჭვინთის ფიჭვის რელიქტური ტევრი. ბიჭვინთაში შემორჩენილია ბერძნების მიერ დაარსებული ანტიკური ქალაქი და პორტი პიტიუნტი, ციხე-სიმაგრის, საცხოვრებელი სახლების, ბიზანტიური ბაზილიკის ნაშთები, ხოლო მის ჩრდილო-აღმოსავლეთით - მე-10 საუკუნის ტაძარი (ფრესკები მე-14-16 სს-ით თარიღდება). ბიჭვინთის როგორც ქართული, ასევე ბერძნული სახელი მომდინარეობს "ფიჭვისგან". აფხაზეთის სამეფოს შექმნის შემდეგ აქ იჯდა აფხაზეთის კათოლიკოსი, XV-XVI სს-ში კი - კათოლიკოს-პატრიარქი.