ბეზენგის კედელი
ვიკიპედიიდან
ბეზენგის კედელი, ფიცრული, ცენტრალური კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ყველაზე მაღალი, 12 კმ სიგრძის მონაკვეთი. აღმართულია კედლის მსგავსად ბალყარეთსა (ჩრდილოეთით) და სვანეთს (სამხრეთით) შორის. ბეზენგის კედელს საქართველოში ხალდეს კედელსაც ეძახიან. ბეზენგის კედელზე გაშიშვლებულია კავკასიონის კრისტალური გულის ქანები - ნაცრისფერი გრანიტოიდები, რომლითაც აგებულია ბეზენგის კედლის უმაღლესი მწვერვალები: ლალვერი (4350 მ), გისტოლა (4860 მ), კათინთაუ (4970 მ), ჯანღა (5040მ), შოთა რუსთაველის პიკი (4960 მ), შხარა (5058 მ). მათ შორის 4400-4100 მ სიმაღლის უღელტეხილებია.
ბეზენგის კედელიდან ჩრდილოეთით ეშვება კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი ბეზენგის მყინვარი, ხოლო სამხრეთით - ხალდესა და შხარის მყინვარები. ბეზენგის კედლის მწვერვალების ტრავერსი ერთ-ერთი უძნელესი ალპინისტური მარშრუტია კავკასიონზე.