ბედისმწერლიშვილები
ვიკიპედიიდან
ბედისმწერლიშვილები, ქართველი კალიგრაფები. მოღვაწეობდნენ XVII საუკუნის II ნახევარში. იასე (ზოგჯერ ბაღდაშვილად ან ბაჲღდიშვილად წოდებული), ფარემუზი და ნათანაილი. მღვდელმა - იასემ და მისმა ძმამ ფარემუზმა 1664 გადაწერეს კურთხევანი (ეს წიგნი და სხვა ქვემოთ მოხსენიებული ხელნაწერები დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში, H-1742); ნაწერია მტკიცე, თანაბარი, კუთხოვანი ნუსხურით, 1667 მათვე გადაწერეს მარხვანი (A-663). 1669 იესემ გადაწერა სასულიერო თხზულებათა კრებული (A-179), 1673 კი - ე.წ. ქვეშის სახარება (A-517), რომლის ტექსტიც მორთულია მცენარეული ორნამენტიანი ჩარჩოებით. წიგნს თავში დართული აქვს 15 მინიატიურა. იასესვე გადაუწერია ოთხთავი (S-1247). ნათანაილი, ალბათ უმცროსი ძმა იყო. 1672 გადაწერილი წიგნის (ჟამნი, H-1755) ანდერძში იგი თავისთავს "ახლად მოსწავლეს" უწოდებს. წიგნს დართული აქვს მინიატურული სახარების სცენებით, მხატვარი უცნობია. ნათაინაილს 1691 გადაუწერია დავითნი (H-16). ხელნაწერი მორთულია თავსამკაულით და ნაწერიც მაღალმხატვრულ დონეზეა შესრულებული. მისივე გადაწერილია ბიბლია (H-1207), რომელიც მსხვილი, სქელხაზოვანი, კუთხოვანი ნუსხურით არის შესრულებული.