ბატატი
ვიკიპედიიდან
ბატატი, ტკბილი კარტოფილი (Ipomoea batatas), აბილილის გვარის გორგლიანი მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახისა. ტროპიკულ ქვეყნებში მოჰყავთ მრავალწლოვან, ხოლო სუბტროპიკულში ერთწლოვან კულტურად. აქვს 1-5 მ სიგრძის გართხმული ღერო, ფოთოლი მთლიანი და თათისებრ დაყოფილია. ყვავილი ვარდისფერი ან თეთრი. ნაყოფი ოთხთესლიანი კოლოფია. ბატატის ფესვები ვეგეტაციის დასასრულს წარმოქმნის სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის გორგლს, რომელიც მომწიფებისას შეიცავს 24-28% სახამებელსა და შაქარს. გორგლი იწონის 200 გ-იდან 3 კგ-მდე. ბატატის სამშობლოა მექსიკა და ცენტრალური ამერიკა. ფართოდაა გავრცელებული ინდოეთში, ინდონეზიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ესპანეთში, იტალიასა და აშშ-ში. მოჰყავთ აგრეთვე თურქმენეთსა და საქართველოში - მხოლოდ საცდელ ნაკვეთებზე. ბატატის გორგლს იყენებენ საჭმელად, ამზადებენ კონსერვს, ფქვილს, სახამებელს, ბადაგს, მიწისზედა ნაწილი პირუტყვის საუკეთესო საკვებია.