აღნიაშვილი, ვლადიმერ
ვიკიპედიიდან
ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი(* 7 თებერვალი, 1860, სოფ. შილდა, ახლანდელი ყვარლის რაიონი ― † 23 აპრილი, 1904, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ - გორის საოსტატო სემინარია (1881). ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. 1883 გამოსცა სახელმძღვანელო "პირველი ნაბიჯი [რუსული] ენის შესასწავლად დაწყებითი ქართული სკოლებისათვის".
აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი ("ქართული ხორო", ი. რატილის ლოტბარობით, 1885-1886), რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში - მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნულ სასიმღერო შემოქმედების აღოეძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. აღნიაშვილის აქტიური მონაწილეობით 1887 დაარსდა "ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა", რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. ამავე წელს აღნიაშვილმა გამოსცა რუსულ-ქართული "უბის ლექსიკონი". მანვე შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული (1890), რომელიც საფუძვლად დაედო მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ "ქართულ ხალხურ ზღაპრებს" (1894). 1892-1893 წლებში აღნიაშვილმა სკოლისგარეშე საკითხავად გამოსცა "ახალი ანბანის" რვა წიგნაკი. 1894 გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად. 1896 ჟურნალ "მოამბეში" (N 2-8) დაიბეჭდა აღნიაშვილის ეთნოგრაფიული-ფოლკლორული ნაშრომი "სპარსეთი და იქური ქართველები", რომელშიც გადმოცემულია იმდროინდელი სპარსეთის ყოფა-ცხოვრება, აღწერილია ფერეიდნელი ქართველების ზნე-ჩვეულებანი, ეკონომიური-კულტურული მდგომარეობა.