ამქართა აჯანყება თბილისში 1865
ვიკიპედიიდან
ამქართა აჯანყება თბილისში 1865, თბილისის ამქრების, წვრილი ხელოსნებისა და ვაჭრების გამოსვლა ახალი, დამატებითი გადასახადების წინააღმდეგ. მღელვარების საბაბი გახდა ქალაქის თავის განკარგულება გადასახადების აკრეფის შესახებ. ამქრებმა ჯერ მშვიდობიანი მოლაპარაკება სცადეს - მეფისნაცვალს განცხადება წარუდგინეს და გადასახადებისაგან განთავისეუფლება სთხოვეს, მაგრამ ამით ვერაფერს გახდნენ. მაშინ 27 ივნისს დილიდან დაიხურა ყველა დუქანი, ათი ათასამდე კაცმა - ხელოსნებმა, მეეტლეებმა, თულუხჩებმა, მეფორნეებმა, შავმა მუშებმა, მემწვანილეებმა და, საერთოდ, ქალაქის ღარიბმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე და იერიში მიიტანა საპოლიციო სამმართველოზე.
მეფისნაცვლის მოვალეობის აღმასრულებელმა გ. ორბელიანმა და სამხედრო გუბერნატორმა ნ. ჭავჭავაძემ სცადეს ხალხის დაშოშმინება, მაგრამ უშედეგოდ. ხალხმა აიკლო ქალაქის თავის ბინა, მოკლა გადასახადების ამკრები. აჯანყებულთა წინააღმდეგ მთავრობამ ჯარი გამოიყვანა და მღელვარება ჩაახშო. რამდენიმე კაცი მოკლეს და დაჭრეს.
უსტაბაშების (ამქართა წინამძღოლების) ღალატმა მტავრობას გაუადვილა აჯანყების ლიკვიდაცია. 80 კაცი სასამართლოს გადასცეს, მათგან 10-ს ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, 32-ს - სხვადასხვა ვადით პატიმრობა. ამქართა აჯანყება ამქრული წარმოების უკანასკენილი შებრძოლება იყო მსხვილ კაპიტალთან.