აკუტაგავა რიუნოსუკე
ვიკიპედიიდან
აკუტაგავა რიუნოსკე (芥川 龍之介, მეტსახელად - 澄江堂主人 ჩოკოდო შუჯინ) (* 1 მარტი, 1892, ტოკიო ― † 24 ივლისი, 1927, იქვე), იაპონელი მწერალი.
აღიარება ღრმა ფსიქოლოგიზმისა და რაფინირებული სტილის მეოხებით მოიპოვა. აკუტაგავა რიუნოსკე ცოცხალი სინამდვილისგან განდგომილი ხელოვანი იყო. ბევრი ნოველის სიუჟეტი მან აიღო არა თანამედროვე ცხოვრებიდან, არამედ შუა საუკუნის ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან, რათა გამიჯვნოდა, მისი აზრით, უხამს, უგვანო რეალობას და მთელი ყურადღება გადაეტანა აბსტრაქტული ადამიანის რთული, ხშირად არაბუნებრივი სულიერი პროცესების წარმოსახვაზე ("რასიომონი", 1915; "ცხვირი", 1916; "უსიერ ტყეში", 1922; "ამბავი სიკეთის გადახდისა", 1922). აკუტაგავა რიუნოსკეს ნაწარმოებებს ლირიზმით შეზავებული სკეფსისისა და პესიმიზმის დაღი აზის, რასაც განაპირობებდა ბურჟუაზიული ყოფასთან მისი ეთიკური მოთხოვნების შეუთავსებლობა. აქედან - მწერლის საგანგებო ინტერესი რელიგიის მიმართ ("ნანკინელი ქრისტე", "ო-გინი", "კბილანები", 1927). აქედან გამომდინარეობს აკუტაგავა რიუნოსკეს დაბეჯითებული ესთეტიზმი; ხელოვნებისა და ცხოვრების დაპირისპირებისას იგი უპირატესობას ყოველთვის ხელოვნებას ანიჭებს ("ცხოვრება იდიოტისა", 1927; "წამებანი ჯოჯოხეთისა", 1918).
აკუტაგავა რიუნოსკემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიცოცხლის ბოლო წლებში მან დაწერა რამდენიმე ნაწარმოები, რომლებიც თანამედროვეობასა და რეალურ ცხოვრებისეულ ურთიერთობებს ეხება ("სიცივე", "მაიმუნი", "მიწის გოროხი"), მაგრამ ამ ცდებს არ შეუცვლია აკუტაგავა რიუნოსკეს შემოქმედების არსი. 1935-იდან იაპონიაში დაწესდა აკუტაგავას სახელობის პრემია, რომელსაც დევიზად აქვს "წმინდა ლიტერატურისათვის", საპირისპიროდ ნაოკის სახელობის პრემიისა, რომლის დევიზიც არის "ლიტერატურა მასებისათვის".