იყალთო (ძეგლი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "იყალთო" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: იყალთო |
იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.