მაჭუტაძე, ონოფრე
ვიკიპედიიდან
ონოფრე მაჭუტაძე( † 1732/1733), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. XVII საუკუნის 70-იან წლებში თავის ძმასთან მაქსიმესთან ერთად გურიიდან ქართლში გადავიდა, სადაც 1683 ლევან ბატონიშვილმა "სამწევრისის მესთულეობის" სახელო უბოძა. ბერად შედგა დაახლოებით 1683-1690 წლებში. 1690 წელს საეკლესიო კრებამ მაჭუტაძე დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იგი ენერგიულად იღვწოდა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც "დავითგარეჯის უდაბნოს მეორე აღმშენებელი" უწოდეს. 1699 წელს მაჭუტაძის ინიციატივით შედგა ჰაგიოგრაფიული კრებული (ხელნაწერი A-160), რომელშიც პირველად გაერთიანდა ასურელ მამათა ცხოვრების ამსახველი თხზულებანი.