იოანე-ზოსიმე
ვიკიპედიიდან
იოანე-ზოსიმე, X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან - სინის მთაზე.
იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "საგალობელნი იადგარნი" (Sin-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია ცხოველი პატრიოტიზმით გამსჭვალული საგალობლები "ქებაჲ ქართულისა ენისაჲ" და "ქართულისა ენისათჳს" (გამოაქვეყნა პ. ინგოროყვამ 1924, ჟურნალი "კავკასიონი", №1-2).
იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა "განმაცხოველებელი", "შემმოსელი", "მომგებელი" და "ტექსტის "მჩხრეკალი".