ტყემლის საწებელა
ვიკიპედიიდან
ტყემლის საწებელა (ინგ. Tkemali sauce ან plum sauce) ტრადიციული ქართული ნელსაცხებლებით გაჯერებული სოუსია, რომელსაც ძირითადად მშრალად შემწვარ ან მოხარშულ ხორცეულთან და თევზეულთან მიირთმევენ. საწებელას ძირითადი ინგრედიენტია ტყემალი და სეზონისა და ტყემლის ჯიშის მიხედვით ან მუქი ბორდოსფერია, ან მწვანე, და ან კიდევ მოვარდისფრო წითელი.
კარგად შერჩეული საღი ტყემალი გარკვეული ხნის განმავლობაში იხარშება, ჯერ სქელ, შემდეგ წვრილ საცერში იწურება, ისევ იხარშება გარკვეულ კონსისტენციამდე მისაყვანად და სანელებლებით ჯერდება. სუფრასთან მიართმევენ ცივად, როგორც ახლად მომზადებულ ისე შენახულ საწებელას. გემოვნების მიხედვით სიმჟავის დასარეგულირებლად ტყემალს მომზადებისას ურევენ ღოღნაშოს ან სხვა ნაკლებად მჟავე ქლიავის ჯიშს.
საწებელა მდიდარია ნუტრიელემენტებით: ორგანული მჟავებით, შაქრებით, ჰიდროკარბონატებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით, პოლიფენოლებით, პექტინებითა და ვიტამინებით С, В1, В2, РР, Е.
[რედაქტირება] წითელი ტყემლის მომზადების წესი
წითელი და ყვითელი, კარგად დამწიფებული ტყემალი 3/1 შეფარდებით, იხარშება ყვავილოვან ქინძთან ერთად. გაგრილების შემდეგ იწურება, ემატება გატარებული ხმელი უცხო სუნელი და ქინძი 2/1 შეფარდებით, მწარე წიწაკა, ნიორი, მარილი გემოვნებით და ისევ ადუღებენ 7-8 წთ. მზა ტყემალს ასხამენ სტერილურ, ჰერმეტულ მინის ჭურჭელში და გრილ ადგილას ინახავენ.