ტიმოთესუბანი (ძეგლი)
ვიკიპედიიდან
ტიმოთესუბანი, ამავე სახელწოდების სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა).
ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესწულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხსვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გორდეევი დ., ტიმოთეს უბანი, "საბჭოთა ხელოვნება", 1940, № 4
- Привалова Е. Л., Роспись Тимотес-убани, Тб., 1980